ახალი ამბები
ბაგრატის ტაძარი და გელათის სამონასტრო კომპლექსი კულტურის მინისტრმა მოინახულა
FaceBook
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიაზე საფრთხის ქვეშ მყოფი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების - მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ.

ბაგრატის ტაძარსა და გელათის სამონასტრო კომპლექსს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და ქუთაისის მერი შოთა მურღულია სტუმრობდნენ.
აღნიშნული ვიზიტი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიას უკავშირდება, რომელიც გერმანიაში,ბონში გაიმართება და რომელსაც საქართველოს კულტურის მინისტრი დაესწრება. კომიტეტზე განსახილველ ასზე მეტ საკითხთან ერთად, საფრთხის ქვეშ მყოფი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი კულტურული მემკვიდრეობის ქართული ნიმუშების - მცხეთის ისტორიული ძეგლების, გელათის მონასტრისა და ბაგრატის საკათედრო ტაძრის საკითხსაც განიხილავენ.
სტუმრებმა აღნიშნეს, რომ საქართველო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობს UNEშჩO-ს საქმეთა ეროვნულ კომისიასთან და ასრულებს რეკომენდაციას." ქართული მხარე საფრთხის ქვეშ მყოფი ქართული ძეგლების იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძირითად ნუსხაში დაბრუნების საკითხზე აქტიურად მუშაობს", - აღნიშნა მინისტრმა.
მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 39-ე სესიის ფარგლებში, ბონში გაიმართება ევროპისა და ჩრდ. ამერიკის რეგიონის პერიოდული ანგარიშგების მეორე ციკლის დასრულების საზეიმო ღონისძიება, რომლის მასპინძელი საქართველო იქნება.
ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ევროპისა და ჩრდ. ამერიკის 50-ზე მეტი ქვეყნის 100-მდე წარმომადგენლისთვის იუნესკოში ქართული მიღება - ღვინის დეგუსტაცია გაიმართება. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები, უშუალოდ დააგემოვნებენ ქვევრის ღვინოს, რომლის დაყენების უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდს იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის კომიტეტის მე-8 სესიაზე მსოფლიოს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

Print