ახალი ამბები
ქუთაისში მოსახლეობა SMk-ს წყლის მილების შეცვლის უფლებას არ აძლევს
FaceBook

ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრებლები კომპანია smk-ს მათ ქუჩაზე წყლის მილების შეცვლის უფლებას არ აძლევენ.


ადგილობრივებმა  დღეს საპროტესტო აქცია გამართეს და ადგილზე მისულ თანამშრომლებს სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ მისცეს.

მოსახლეობის თქმით, კომპანია სამუშაოებს დაბალი ხარისხით ასრულებს და გზის დაზიანებული საფარის აღდგენაზეც არ იღებს პასუხისმგებლობას. ამის გამო, მათ არ სურთ, რომ ქუჩაზე ამ კომპანიის წარმომადგენლებმა იმუშაონ.

გარდა ამისა, ადგილობრივების თქმით, ქუჩაზე წყლის მილები ბოლოს 2012 წელს შეიცვალა და რეაბილიტაციას აღარ საჭიროებს. კომპანიას კი რეაბილიტირებულ ქუჩაზე სამუშაოების დაწყება იმის გამო სურს, რომ დამატებითი თანხა მიიღოს.

„სადაც შევიდა ეს კომპანია, ყველგან გააფუჭა საქმე. გადათხრის ქუჩებს და ტოვებს. ჩვენს ქუჩაზე 2012 წელს შეიცვალა მილები, გზის საფარიც კარგი გვაქვს, მაგრამ ამათ ფულის შოვნა უნდათ და ამიტომ შეცვლილ მილებს თავიდან ცვლიან. არ მივცემთ ამის უფლებას“, - ამბობს გაფრინდაშვილის ქუჩის მცხოვრები,  მზია გოგელაშვილი.

SMk კორუფციაში დაადანაშაულა „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რაზეც მთელი ქალაქი საუბრობს, რომ საქმე გვაქვს კორუფციასთან. ერთი და იგივე საქმისთვის რამდენჯერმე ხდება ფულის გამოყოფა და ამაში იფლანგება მილიონები. მოვუწოდებთ პროკურატურას, სასწრაფოდ დაიწყოს ამ საქმის გამოძიება",  - განაცხადა გიგა შუშანიამ.


გაფრინდაშვილის ქუჩა

SMK-მ ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. კომპანიამ ორ წელზე მეტი მოანდომა ასათიანის  ქუჩაზე წლის მილების გამოცვლას. ამ ხნის განმავლობაში ქუჩაზე გზის საფარი ამორტიზებული იყო. 

ერთი თვის წინ კი, ქუთაისის მერიამ კომპანიას  თაბუკაშვილის, დადიანისა და გუგუნავს ქუჩებზე რეაბილიტაციის დროს დაზიანებული გზის საფარის მოუწესრიგებლობის გამო,  სანქცია დაუწესა, რაც მათი თქმით, 1000 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს


მავე თემაზე:

ინფრასტრუქტურის მინისტრი - ქუთაისში წყლის სისტემის რეაბილიტაცია გაჭიანურდა (ვიდეო)

გზის საფარის შეჩერებული რეაბილიტაცია ასათიანის ქუჩაზე (ვიდეო)

"სამუშაოებს მივატოვებთ"- წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე დასაქმებულების გაფიცვა ქუთაისში (ვიდეო)

"წყალმომარაგების კომპანია" კონტრაქტორ ფირმას ქუთაისში სამუშაოების გაჭიანურებაში ადანაშაულებს



Print