ახალი ამბები
„იმედია, ას საფეხურიანი კიბის პროექტის განხილვაში მაინც ჩართავთ საზოგადოებას“ - ოპოზიცია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიცია რიგგარეშე სხდომაზე თეთრი ხიდის რეაბილიტაციას გამოეხმაურა, რომლის პროექტიც საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატის, მერაბ მეშველიანი თქმით, მსგავი მასშტაბის და მნიშვნელობის პროექტები ხელისუფლებამ საჯარო მსჯელობის საგნად უნდა აქციოს და ყველას აზრს მოუსმინოს.

"იმედი მაქვს იგივე არ მოხდება ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის პროექტის შემუშავების დროს. ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები უნდა იყოს საჯარო და საზოგადოებას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი აზრი. მოიწვიეთ ექსპერტები, სპეციალისტები, არასამთავრობო სექტორი და მსჯელობა იყოს საჯარო", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე მერაბ მეშველიანმა.

მერის მოადგილის, ნინო თვალთვაძის თქმით, ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის განხილვაში საზოგადეობის ფართო წრეები იქნება ჩართული.

"გაძლევთ გარანტიას, რომ ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტირებაში ნამდვილად იქნება ჩართული საზოგადოება. თეთრი ხიდის შემთხვევაში კი ვერ მოხერხდა იმიტომ, რომ საკონსულტაციო საბჭოს შექმნა დაგვიანდა", - განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

თეთრი ხიდის რეაბილიტაციის პროექტი არქიტექტორმა, გია ხუჯაძემ მერიის არქიტექტურის სამსახურთან ერთად შექმა. ესკიზი საზოგადოების ნაწილმა დაიწუნა. მოქალაქეებს, განსაკუთრებით, ხიდზე იმიტირებული ქვების განთავსების იდეა არ მოეწონა.


ამავე თემაზე:

შეფასებას „უნიჭო“ ვერ მივიღებ“ - თეთრი ხიდის პროექტის ავტორი კრიტიკაზე


როგორი იქნება რეაბილიტირებული თეთრი ხიდი (ფოტო)



Print