ახალი ამბები
ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭო „ჩატეხილი ხიდის“ აღსადგენად
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ახალგაზრდობისა და სპორტის კომისიასთან, ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
კომისიის თავმჯდომარის, ოთარ ლორთქიფანიძის თქმით, ინიციატივა თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის ყოფილი ხელისუფლების დროს ჩატეხილი ხიდის აღდგენას ემსახურება. საბჭოს, რომელმაც ახალგაზრდების ინიციატივები ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა დააფინანსოს, თავად, ოთარ ლორთქიფანიძე უხელმძღვანელებს.

"ჩვენ უნდა აღვადგინოთ თვითმმართველობასა და ახალგაზრდებს შორის ჩატეხილი ხიდი. იყო დრო, როცა ახალგაზრდებს ძალით რთავდნენ პროგრამებში.
უნივერსიტეტის სტუდნტური თვითმმართველობა პირდაპირ პარტიულ მიზნებს ემსახურებოდა. ბანაკებში კი ახალგაზრდების წაყვანა ასევე, პარტიული ნიშნით ხდებოდა", - განაცხადა ოთარ ლორთქიფანიძემ.

კომისიის თავმჯდომარის ნათქვამმა საკრებულოს ოპოზიციის ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, პარტიული აქტივისტების დასაქმებას სწორედ ეს ინიციატივა ემსახურება.

საბჭოს შექმნის იდეა დაიწუნა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ. მისი თქმით, როცა ქუთაისის მერიაში არსებობს ახალგაზრდული განყოფილება, საკრებულოს კი აქვს ამავე ფუნქციის მქონე კომისია, საბჭოს შექმნის საჭიროება არ არსებობს.

"რაღა საჭიროა დუბლირება და დამატებითი რგოლის შექმნა? თუ ინიციატივა აქვთ ამ ახალგაზრდებს, თავად შექმნან საბჭო და ჩვენ დავეხმაროთ პროექტების განხორციელებაში", - განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა საბჭოს შექმნის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.

"ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის" პროგრამა ქალაქის  ბიუჯეტში  100 000 ლარით ფინანსდება. ეს პროგრამა ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში წელს პირველად გაჩნდა. 

Print