ახალი ამბები
"არა დიდ ჰესებს" - აქცია ქუთაისში
FaceBook
"გადავარჩინოთ ქუთაისი ნამოხვანის საფრთხისგან", "არა დიდ ჰესებს",  "ნუ ჩაგვძირქვთ", მზე და ქარი ჰესების ალტერნატივაა" - ამ სლოგანით საპროტესტო აქცია გაიმართა ქუთაისში, ჯაჭვის ხიდთან.
აქციის მონაწილეებმა  დიდი ჰესების მშენებლობა გააპროტესტეს და  განაცხადეს, რომ მათი აშენების შემთხვევაში ბევრ სოფელს დატბორვა და ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება. ასევე, განადგურდება კულტურული მემკვიდორეობის ძეგლები, ფლორა და ფაუნა.

მათი განმარტებით, კასკადების მშენებლობა სეისმურად და მეწყრულად საშიშ ზონებში იგეგმება.მოსახლეობის პროტესტს არასამთავრობო ორგქნიზაციებიც შეუერთდნენ.

"საფრთხე ემუქრება როგორც მოსახლეობას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. განადგურდება ფლორა და ფაუნა. ჰესის აშენება იგეგმება სეისმურად და მეწყრულად საშიშ ზონებში. გვინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, უარი თქვან მსგავსი სახის პროექტებზე," - განმარტა აქციის მონაწილე, ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ნამოხვანჰესის მშენებლობას მოქალაქეები დღეს თბილისშიც აპროტესტებენ.

CLEAN ENERGY GROUP GEORGIA – ეს ნორვეგიული კომპანიაა, რომელიც ნამახვან ჰესების კასკადის პროექტს განახორციელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" ავრცელებს. უწყებამ ინტერესთა გამოხატვა ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის მშენებლობა-ოპერირება-ფლობისთვის 2015 წლის 24 დეკემბერს გამოაცხადა.

მასში მონაწილეობა 26–მა კომპანიამ მიიღო. მათგან, გასული წლის ივლისში, "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა" სამი პრეტენდენტი – შპს "ჯენერალ დეველოპმენტი", "POWERCHINA RESOURCES" LTD და "CLEAN ENERGY GROUP GEORGIA" LLC შეარჩია.

თითოეულმა მათგანმა თავიანთი წინადადებები წარმოადგინა.

ფონდი იუწყება, რომ ინვერსტორთა შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ, პრეტენდენტების წერმოდგენილი დოკუმენტაცია შეისწავლა და გამარჯვებულად CLEAN ENERGY GROUP GEORGIA დაასახელა.

"ამჟამად, იმპლემენტაციის ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს,"– აცხადებენ "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდში".

პროექტის დაწყების თარიღად კომპანიის ვებ–გვერდზე 2018 წელია მითითებული.

ნამახვან ჰესების კასკადის პროექტის წინასწარი ღირებულება 730 მლნ დოლარს შეადგენს.

კომპანია ENERGY GROUP GEORGIA–მ საქართველოში 187 მეგავატიანი შუახევის ჰესის პროექტი უკვე განახორციელა.


Print