ახალი ამბები
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პედაგოგმა დირექციას სასამართლოში უჩივლა
FaceBook
ქუთაისის 38-ე საჯარო სკოლის პედაგოგსა და საგანმანათლებლო დაწესებულებას ადმინისტრაციას შორის დაპირისპირება გრძელდება.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ლალი მილორავამ, რომელსაც სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა  საყვედური გამოუცხადა, ოქმის ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

ლალი მილორავას იურისტის, ლევან ჭელიძის თქმით, ბრძანება, რომელიც სკოლის დირექტორმა კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე გამოსცა, არალეგიტიმურია, რადგან სხდომას ის ადამიანი უძღვებოდა, რომლის მიმართაც კომიტეტის წევრები, ასევე, სახდელის დაკისრების საკითხზე მსჯელობდნენ.

"კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო ლორთქიფანიძე უძღვებოდა სხდომას, სადაც ლალი მილორავასთან ერთად, მისი დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხიც განიხილებოდა. იმ მომენტში კი, როცა მის საკითხზე უნდა ემსჯელათ, თავმჯდომარედ არასრულწლოვანი მოსწავალე აირჩიეს, რის შემდეგაც ნინო ლორთქიფანიძე კვლავ დაუბრუნდა მოვალეობის შესრულებას. ეს არის გაუგონარი რამე და ცხადია, ასეთი ოქმი ვერ იქნება ლეგიტიმური", - ამბობს იურიდიული დახმარების ბიუროს იურისტი, ლევან ჭელიძე.

38-ე საჯარო სკოლის დისციპლინარული კომიტეტის სხდომაზე ლალი მილორავას საკითხი მას შემდეგ მოხვდა, რაც მისმა ყოფილმა მოსწვალეებმა, კლასის დატოვების მოთხოვნით, დირექტორს განცხადებით მიმართეს. განცხადებაში მე-11 კლასის მოსწავლეები ლალი მილორავას მიერ მათ მიმართ შეურაცხმყოფელ მოპყრობაზე საუბრობნენ და მის კლასიდან გასვლას მოითხოვდნენ.

ლევან ჭელიძე ამბობს, რომ განცხადებაზე მოსწავლეების ხელმოწერები სავარაუდოდ, გაყალბებულია, რადგან რამდენიმე ხელმოწერის ავტორი საკლასო ჟურნალის მიხედვით იმ დღეს სკოლაში არ იმყოფებოდა.

თავად ლალი მილორავა კი ამბობს, რომ სინამდვილეში სკოლაში მიმდინარე პროცესები მისი დისკრედიტაციის მცდელობას უკავშირდება, რომელსაც მის მიმართ რამდენიმე პედაგოგი მიზანმიმართულად ახორციელებს.

"რამდენიმე პედაგოგს პირადული ინტერესი ჰქონდა ჩემს მიმართ, ახლა შეიკრნენ ერთ გუნდად და დამიპირისპირდნენ. რაც მთვარია, ამისთვის ბავშვები გამოიყენეს", - ამბობს ლალი მილორავა.

სკოლის პედაგოგის ბრალდებებს უარყოფს საგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი. გივი ჯავახაძეს არც კომიტეტის სხდომის ლეგიტიმურობაში ეპარება ეჭვი.

"კომიტეტის თავმჯდომარეს სრული უფლება ჰქონდა სკოლის მოსწავლე აერჩია თავმჯდომარედ. წესდების მიხედვით, კომიტეტს ისედაც ჰყავს ორი მოსწავლე წევრი. რაც შეეხება იმას, იყვნენ თუ არა ხელმომწერი მოსწავლეები განცხადების შეტანის დღეს სკოლაში, არც არავის უთქვამს, რომ განცხადება კონკრეტულ დროს დაიწერა",-ამბობს გივი ჯავახაძე.

ბრძოლის გაგრძელებას აპირებს ლალი მილორავა. იურისტ, ლევან ჭელიძის თქმით, მოსარჩელე მხარე ხელმოწერების ექსპერტიზის ჩატარებასა და საკლასო ჟურნალის გამოთხოვის შუამდგომლობას დააყენებს.

საქალაქო სასამართლოში ლალი მილორავას სარჩელი სკოლის წინააღმდეგ, უკვე დარეგისტრირებულია, თუმცა, წარმოებაში ჯერჯერობით მიღებული არ არის.


ამავე თემაზე:

"ბავშვებს უხეშად ექცეოდა" – ქუთაისის 38–ე სკოლაში არსებული კონფლიქტის დეტალები


Print