ახალი ამბები
დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღების ინიციატივაზე ქუთაისში შეხვედრა გაიმართება
FaceBook
მცირე ბიზნესის წარმომადგენელებისთვის ახალი საგადასახადო ინიციატივის გასაცნობად საქართველოს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე ქუთაისში ჩამოვა.
"ახალი საგადასახადო ინიციატივა განკუთვნილია საქართველოში მცირე მეწარმეობის წახალისებისთვის და ითვალისწინებს დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. მთავრობის პრიორიტეტია, ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვნად გაიზარდოს მცირე და საშუალო ბიზნესის წილი, რათა უზრუნველვყოთ საქართველოში იყოს ისეთი ტიპის ეკონომიკური ზრდა, რომელიც მოსახლეობის ყველა ფენას შეეხება.

ახალი შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი შეეხება 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს. (მეწარმე ფიზიკური პირების თითქმის 100 პროცენტს). 

ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ნაცვლად დღემდე არსებული 100,000 ლარისა.

მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით (ბრუნვის გადასახადი) ნაცვლად დღეს არსებული 5%-ისა.

მცირე ბიზნესისათვის შენარჩუნდება უმარტივესი საგადასახადო აღრიცხვის წარმოების შესაძლებლობა. კერძოდ, საქონლის აღრიცხვისთვის სპეციალური ჟურნალის წარმოება და არავითარი სხვა ბუღალტრული აღრიცხვის ვალდებულება მცირე ბიზნესს არ ექნება.

მცირე ბიზნესს ვალდებულება ექნება კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი და სასაქონლო ზედნადები.

გადასახადის დეკლარირება/გადახდა მოხდება ყოველთვიურად და მცირე მეწარმეებისათვის გაუქმდება მიმდინარე (ე.წ. საავანსო) გადასახდელების გადახდის ვალდებულება.

მცირე მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის პარალელურად, დარეგისტრირდნენ დღგ-ს გადამხდელებად და შესაბამისად, ჩაითვალონ დღგ ან უკან დაიბრუნონ ავტომატურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ახალი საგადასახადო ინიციატივა ერთი მხრივ, აწესებს მინიმალურ საგადასახადო ტვირთს (1%) მცირე ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს მეწარმეებისთვის გამარტივებული საგადასახადო აღრიცხვის მეშვეობით, მინიმუმამდე შემცირდეს საგადასახადო ადმინისტრირების დანახარჯები. აღნიშნული რეფორმის შედეგად, მთლიან შიდა პროდუქტში მნიშვნელოვნად გაიზრდება მცირე ბიზნესის წილი.

ახალი საგადასახადო რეფორმა უზრუნველყოფს სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

მცირე მეწარმეობის განვითარების წახალისებისთვის გათვალისწინებული საგადასახდო შეღავათების გარდა, საგადასახადო კოდექსში, ასევე, ინიცირებულია რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციების (საქველმოქმედო, სსიპ-ები და ააიპ-ები) დაბეგვრა 2019 წლიდან განხორციელდება მოგების გადასახადით დაბეგვრის ახალი მოდელის (განაწილებული მოგების გადასახადის მოდელის) პრინციპებით, რაც ფაქტობრივად ნიშნავს მათ განთავისუფლებას მოგების გადასახადისგან, რადგან ისინი მოგებას არ ანაწილებენ.

2017 წლის 1 იანვრიდან დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გადახდილი ავანსი. შესაბამისად, გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები, ფაქტობრივად, აღარ გამოიყენება.

აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, უქმდება გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ითი დაბეგვრის სპეციალური ნორმები. ამასთან, ამ კანონპროექტის ამოქმედებამდე დადებული გრძელვადიანი კონტრაქტის დღგ-ით დაბეგვრის საკითხის დარეგულირების მიზნით, შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის გარდამავალ დებულებებში. 

Print