ახალი ამბები
ზვიად რატიანის საქმეზე ინსპექტორმა შსს სამართალდამრღვევად ცნო - EMC
FaceBook
EMC-ს განცხადების საფუძველზე, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამრღვევად ცნო.

"გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ “მობილური ტელეფონი (მათ შორის თანამშრომლის მფლობელობაში არსებული) არ შეესაბამება “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ იმ ტექნიკურ საშუალებებს, რომლებითაც ნებადართულია ვიდეოგადაღება, მათ შორის სპეციალური საპოლიციო კონტროლის დროს.” გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ კანონმდებელი იმპერატიულად განსაზღვრავს იმ საშუალებებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა განხორციელდეს ვიდეოგადაღება. ამ საშუალებების ჩამონათვალში კი მობილური ტელეფონი არ შედის.


ინსპექტორის განმარტებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ეძლევა სასამართლო პროცესის ვიდეოჩაწერის უფლებამოსილება, რაც ავტომატურად არ გულისხმობს მხარეების მიერ მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების მიღების უფლებას. ამდენად, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონდა პროცესზე მტკიცებულების სახით წარდგენილი მასალების საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გადაცემის გზით დამუშავების უფლებამოსილება", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინსპექტორმა დაადგინა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა მონაცემების დამუშავებას კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე და მონაცემთა დამუშავებისთვის დადგენილი პრინციპების დარღვევით.

მწერალი, ზვიად რატიანი გასული წლის 24 დეკემბერს, ღამით დააკავეს და 10 საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიცია მას დაუმორჩილებლობას ედავება, ხოლო პოეტი სამართალდამცველებს ფიზიკურ და მორალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

29 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ზვიად რატიანი 2 000 ლარით დააჯარიმა.


ამავე თემაზე:



ქუთაისელმა მოსწავლეებმა ქუჩაში ზვიად რატიანისა და სხვა პოეტების ფურცლებზე ამობეჭდილი ლექსები დაარიგეს

"სახელმწიფოს ერთ ხელში სანთელი უჭირავს, მეორეში - ხელკეტი" - ქუთაისელი მწერლები რატიანის საქმეზე

EMC - ზვიად რატიანს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული
Print