ახალი ამბები
„რუსეთი მტერია“ - აქცია-პერფორმანსი ოკუპაციის წინააღმდეგ
FaceBook
1921 წლის 25 თებრვალს დაწყებული საბჭოთა ოკუპაცია, რომელიც დღემდე გრძელდება, ქუთაისში არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.
ოკუპაციის წინააღდეგ მიმართული აქცია-პერფორმანსი თეთრ ხიდზე დაიწყო, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მსვლელობით მერიის ამდინისტრაციული შენობისკენ გადაინაცვლეს. თეთრი ხიდიდან მერიისკენ მომავალ გზაზე კი ფლაერები გააკრეს წარწერით-რუსეთი მტერია!



"რუსეთი არის მტერი და ყველაფერს უნდა დავარქვათ მისი სახელი. ჩვენი ხელისუფლება ჯერ კიდევ რჩება რბილი პოლიტიკის რეჟიმში და ჰგონიათ თუ რუსეთს კარგად მოვექცევით, ოკუპაცია შეწყდება. ასე არ არის. მთავრობამ არ უნდა გააგრძელოს კულტურული თუ სხვა მიმართულებებით ამ სახელმწიფოსთან ურთიერთობა, რადგან რუსეთი არის ოკუპანტი და მას მხოლოდ ასეთ ენაზე უნდა ელაპარაკო", - განაცხადა "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენელმა, გია გოქაძემ.

აქციის მონაწილეებმა პერფორმანსის ბოლოს ფლაერები მერიის ადმინისტრაციული შენობის კიბეებზე გააკრეს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდეს უარი თქვან რუსეთთან სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის აღდგენის მცდელობაზე.

2018 წლის 25 თებერვალს, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ საქართველოს ოკუპირებიდან 97 წელი შესრულდა.

1921 წლის 25 თებერვალს,  საბჭოთა რეჟიმის გამოცხადებით,  საქართველომ 70 წლით დაკარგა თავისუფლება.

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დროშა ეშვება.

მთავარი სახელმწიფო სიმბოლო დაუშვეს ქუთაისის მერიის შენობაზეც.

Print