ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს წევრის მეუღლე ქალაქის ცენტრში კორპუსს აშენებს
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს დეპუტატის, მაია სიმონიძის მეუღლე ქალაქის ცენტრალურ უბანში მრავალსართულიან კორპუსს აშენებს.

საცხოვრებელი ბინის მშენებლობა გამარჯვების მოედანზე მდებარე ტაძრის მიმდებარედ მიმდინარეობს. მას შპს "კასა დეველოპმენტი" აშენებს, რომელიც, ასევე დეპუტატის ოჯახის საკუთრებაა.

ადგილზე განთავსებული საინფორმაციო დაფის თანახმად, ექვსსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ 2017 წლის 12 ოქტომბერს გასცა. სამუშაოები კი, ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.

"ყველა ნებართვა გაცემულია მანამდე, ვიდრე დეპუტატი გავხდებოდი. თანაც მე საკრებულოში რიგითი დეპუტატი ვარ და არანაირი თანამდებობა არ მაქვს. კანონმდებლობა ამას არ ზღუდავს," - ამბობს  მაია სიმონიძე.

საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ მაია სიმონიძემ გამარჯვების მოედანზე 201 კვ.მეტრის ტერიტორია 2016 წლის 31 მარტს დაირეგისტრირა. მანამდე ეს ტერიტორია ქუთაისის მერიის საკუთრება იყო.

გასული წლის 12 ოქტომბერს კი, თვითმმართველობის არჩევნებამდე 10 დღით ადრე, მიწის ფართი დაირეგისტრირა შპს "კასა დეველოპმენტმა", რომელიც თავად 2017 წლის 4 ოქტომბერსაა რეგისტრირებული. ფირმის დირექტორი დეპუტატის მეუღლე, თეიმურაზ შავგულიძე, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი მაიას სიმონიძე გახლავთ.

მაია სიმონიძე, ასევე ქუთაისის სამკერვალო ფაბრიკა "იმერის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევენების შედეგად ის, "ქართული ოცნების" პარტიული სიით, ქალაქის საკრებულოს წევრი გახდა.

Print