ახალი ამბები
ქუთაისელი "მეოცნებეები" საკრებულოს 700 000 დოლარს სთხოვენ
FaceBook
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაცია ქალაქში ეკონომიკური დონის ამაღლების მიზნით ქუთაისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის შექმნის ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნული ცენტრის შექმნისთვის საჭირო ფინანსებისთვის ქუთაისის საკრებულოს მიმართავენ.
"მოგმართავთ თხოვნით და განსახილველად გიგზავნით პროექტს, ველით თქვენს გადაწყვეტილებას", - ნათქვამია საკრებულოსთვის გაგზავნილ მიმართვაში, რომელსაც ხელს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის კომისიის თავმჯდომარე ილია ნაცვლიშვილი აწერს.
"ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის მიერ შედენილი პროექტის მიხედვით, ცენტრის ასამუშავებლად 700 000 დოლარია საჭირო. ასევე, პროექტში წარმოდგენილია 30 საშტატო ერთეული, რომლებიც აღნიშნულ ცენტრში იმუშავებენ.
"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, მანანა მიქაძის განმარტებით, აღნიშნული საწარმოს გახსნა მნიშვნელოვანია, რადგან მოხდეს იმერეთის რეგიონში არსებული ხეხილის სწორად გამოყენება.
" რატომ არ უნდა მოხდეს ჩვენთან არსებული ხილის რეალიზება, ლეჩხუმში ლპება ვაშლები. ეს არის იდეის დონზე, რომელიც საკრებულოს წარვუდგინეთ. თუ გაითვალისწინებენ კარგია, თუ არადა, იმას მაინც გვეტყვიან, როდის მოხდება ამის განხილვა", - განმარტავს მიქაძე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ქუთაისის მეწარმოების ხელშეწყობის ცენტრის იურიდიულ მისამართად ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაა მითითებული, სადაც ამ დროისთვის "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაცია არის განთავსებული.

თეკლე მორგოშია
Print