ახალი ამბები
ქუთაისში საჭადრაკო სკოლის ამორტიზებული შენობა ფართოვდება (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა ფართოვდება.  პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის  დამატებით  ექვსი ოთახი აშენდება.  ასევე, მოხდება, შენობის პირველ სართულზე განთავსებული მწვანე დარბაზის გადიდება, სველი წერტილების მოწყობა,  შენობის ფასადისა და აივნების რეაბილიტაცია.

სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

სკოლის დირექტორის, ნიკოლოზ მანაგაძის თქმით, არსებული შენობა ბავშვებისთვის საკმარისი არ იყო.

"ვერ ეტეოდნენ ბავშვები. სივიწროვე იყო. ტურნირებისთვისაც  არ გვქონდა საკმარისი ფართი. ახლა ისე მოეწყობა შენობა, რომ ოთახები საკმარისი იქნება",-ამბობს სკოლის დირექტორი.

სკოლაში სარეკონსტრუქციო  სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ოთახების მშენებლობა თითქმის დასრულებულია.





დირექტორის თქმით, მართალია სკოლა ფართოვდება, თუმცა, შველა სჭირდება ძველი  შენობის ინტერიერს, რომელიც იმდენად ამორტიზებულია, რომ სასწავლო პროცესის წარმართვა შეუძლებელია.





ნიკოლოზ მანაგაძის ინფორმაციით, მიმდინარე რეკონსტრუქციის ფარგლებში ძველი შენობის ჭერის, იატაკისა და კედლების რეაბილიტაცია არ იგეგმება.



საჭადრაკო სკოლას რეაბილიტაცია ჯერ კიდევ გასულ წელს უნდა ჩატარებოდა, თუმცა, სკოლის დირექტორის თქმით, მისთვის უცნობია, რატომ არ განხორციელდა პროექტი.

"არ ვიცი რა მოხდა. ჩვენ იმ თანხაზე ხელი არ მოგვიწვდებოდა", - ამბობს ნიკოლოზ მანაგაძე.

მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლა 1982 წლიდან არსებობს. შენობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებშია აგებული. სკოლა  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად ფინანსდება. 2018 წელს მერიამ საჭადრაკო სკოლას 35 000 ლარით გაუზარდა დაფინანსება, რამაც ჯამში  117 400 ლარი შეადგინა. 



Print