ახალი ამბები
სკოლებში მანდატურად მუშაობას მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირები შეძლებენ
FaceBook
ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის.

განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის თანახმად, სკოლებში მანდატურად მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირი დაინიშნება. ასევე, ცვლილების მიხედვით, მანდატურის სამსახურში მიღების ასაკი 21 წლამდე აიწევს.

ამასთან, იცვლება მანდატურის პროფესიული მომზადების წესი, რომელიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკულ კომპონენტსაც გაითვალისწინებს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს მანდატურის სამსახურის ეფექტიანობის გაზრდას და უწყებებს შორის მჭიდრო კომუნიკაციის გზით როგორც სკოლის, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციას.

გაიზრდება მოსამზადებელი კურსის ხანგრძლივობა. კურსს შესაბამისი ექსპერტები გაუძღვებიან, რაც სწავლების მაღალ ხარისხს და მანდატურთა პროფესიულ ზრდას უზრუნველყოფს. ახალი კურსის შესაბამისად გადამზადებას მოქმედი მანდატურები ეტაპობრივად გაივლიან.


მანდატურების სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.

ამ დროისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად შეიძლება დაინიშნოს ნასამართლობის არმქონე საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება, ფლობს სახელმწიფო ენას, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აქვს შესაბამისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და გავლილი აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მოსამზადებელი კურსები, რომლებიც სწავლების სხვა კომპონენტებთან ერთად ითვალისწინებს მოსწავლის, სტუდენტის ასაკობრივი განვითარების კანონზომიერებებს და საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის პროფესიულ ვალდებულებებსა და ღირებულებებს.


Print