ახალი ამბები
„მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას“ - ზაალ ჩაჩავა შპს „რამაზ შენგელიას სტადიონის“ გადაცემაზე
FaceBook
ქუთაისის მერია მის მიერ რამდენიმე თვის წინ შექმნილ შპს "რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს",  "ტორპედოს" ინვესტორს გადასცემს.
საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტთან, ზაალ ჩაჩავასთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და უახლოეს მომავალში მერია მასთან ხელშეკრულებასაც გააფორმებს.

ჩაჩავას მოედანი სიმბოლურ ფასად, მართვის უფლებით გადაეცემა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რამდენი წლით გეგმავს მერია შპს–ს  გასხვისებას.

შეთანხმების სანაცვლოდ, ჩაჩვამ მოედანი უნდა მოაწესრიგოს და კომერციული ინფრასტრუქტურაც მოაწყოს.

კლუბის პრეზიდენტი  არ ასახელებს რა თანხის სანაცვლოდ მიიღებს სტადიონს მართვაში.

"თანხა არ არის მნიშვნელოვანი. მთავარია სტადიონი გაკეთდეს კარგად, სუფთა იყოს და შეესაბამებოდეს ევროპულ დონეს. იქ იქნება რეკლამები, მაღაზიები, კვების ობიექტები, ლატარიები. ყველაფერი იქნება ძალიან ლამაზი. მალევე გავაფორმებთ ხელშეკრულებას", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში ზაალ ჩაჩავა.

ქუთაისის მერიაში ამბობენ, რომ შპს–ს გასხვისებით ადგილობრივ ბიუჯეტში თანხა დაიზოგება.

ქუთაისის მერიამ შპს "რამაზ შენგლიას სტადიონის" დაფინანსებისთვის 2018 წლის ბიუჯეტში 238 600 ლარი გაითვალისწინა. საფეხბურთო კლუბი "ტორპედო" კი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან მას შემდეგ აღარ ფინანსდება რაც ის ბიზნესმენ ზაალ ჩაჩავას მამის კომპანიამ აუქციონზე 300 000 ლარად შეიძინა.

შპს "რამაზ შენგელიას სახელობის" სტადიონს ქუთაისის მერიამ წლის დასაწყისში დირექტორი და  მოადგილე დაუნიშნა.


Print