ახალი ამბები
"ნუ გვამადლით ამ ვითომ დაზოგილ ხარჯებს“ - ოპოზიცია ახალი ააიპის შექმნას აპროტესტებს
FaceBook
ქუთაისის საკრბეულოს ოპოზიცია მერიის მიერ ახალი ააიპის "ქუთგანათების" შექმნას აპროტესტებს.
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გია უკლებას თქმით, ერთის მხრივ, მერიამ გააუქმა წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ააიპები, მეორეს მხრივ კი, თავად დააფუძნა ახალი ააიპი.

"ჯერ გააუქმა ააიპები, ხარჯებს ვზოგავთო, ახლა კი თავად შექმნა ასეთივე ორგანიზაცია. მერია უნდა მოეშვას ორმაგ სტანდარტებს", - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე  გია უკლებამ.

ხელისუფლებამ ააიპის შექმნა ხარჯების დაზოგვის მოტივით ახსნა და განმარტა, რომ გასულ წელს მერია გარე განათების მოვლა-პატრონობა-ექსპლოატაციისთვის 4 მილიონ ლარზე მეტს ხარჯავდა, ახალი ააიპის ბიუჯეტი კი 3 900 000 ლარია.

გია უკლებას თქმით, რეალურად თანხები არ შემცირებულა, რადგან გასულ წელს ქალაქში ენერგოეფექტური ნათურები დაამონტაჟეს.

"როგორც მახსოვს,  შარშან ქალქის ყოფილმა მერმა გარე განათების ხაჯრების გაზრდის მოტივად, სწორედ ის დაასახელა, რომ მთელ ქალაქში ენერგოეფექტური ნათურების დამონტაჟებას გეგმავდა. ცხადია,  ეს ნათურები უფრო ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ასე, რომ ნუ გვამადლით ამ ვითომ ხარჯების დაზოგვას", - განაცხადა გია უკლებამ.

საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას თქმით, ნათურები მთელ ქალაქში არ შეცვლილა. ახალი ააიპის შექმნით კი ხარჯების დაზოგვა რეალურად მოხდა.

საკრებულოს ოპოზიციამ უმრავლესობას შესთვაზა დაინტერესდეს ნამდვილად შეიძინა თუ არა მერიამ ენერგოეფექტური ნათურების  საჭირო რაოდენობა და შეიცვალა თუ არა გარე განათება მთელი ქალაქის მასშტაბით.

Print