ახალი ამბები
"შეწყვიტონ სმს-ების წერა"- რას ჰყვება საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაცვლილის დედა
FaceBook
ქუთაისის ახალი მეორე სამშობიარო კლინიკაში ხუთი წლის წინ გარდაცვლილი ვიოლეტა მატინოვას დედის თქმით, სასამართლომ სამართლიანი გადაწყეტილება მიიღო. მისი თქმით, ხუთწლიან ბრძოლას უშედეგოდ არ ჩაუვლია. თუმცა, ამბობს რომ ეს არ არის მისთვის მოგებული საქმე.

"კმაყოფილი მე არანაირად არ ვიქნები, იმიტომ რომ შვილი არა მყავს ცოცხალი. ჩემთვის ეს მოგებული საქმე არ არის. მე მადლობელი ვარ მოსამართლე ციცინო მოსიძის და გიორგი ხაჩის, რომ ხუთი წელი მართლა იბრძოლეს და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანეს. ჩემს შვილს მე ვერავინ გამიცოცხლებს, ვერც ირაკლი, ვერც სასამართლო და ვერც მე გავაცოცხლებ. ირაკლი მერკვილაძე იძახის, რომ მე თითქოს ქრთამი მინდოდა. ჩემი მიზანი იყო სამართლიანობის დადგენა, რომ ყველას გაეგო ვინ იყო ირაკლი მერკვილაძე, რომ სხვა უბედური შემთხვევები არ მოხდეს", - ამბობს  დაღუპულის დედა ალა მატინოვა.

ის ამბობს, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ სოციალურ ქსელში შეტყობინებებს იღებს.

"ეხებიან ჩემს სიძეს, ჩემს ოჯახს და გვალნძღავენ. არც მე მომიკლავს ჩემი შვილი და არც ჩემს სიძეს. შეწყვიტონ სმს-ების წერა! თორემ ძალიან ცუდად დაუტრიალდებათ. ყველა შეტყობინებას შევინახავ და სასამართლოში ვუჩივლებ. გუშინ სასამართლოზე ხუთი წლის შვილიშვილი მყავდა და იმასაც შეეხნენ. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დაბრაზიდან დაცვის გარეშე ვერ გამოვედი", - ამბობს დაღუპულის დედა.

22 წლის ვიოლეტა მატინოვას საკეისრო კვეთა ირაკლი მერკვილაძემ 2013 წლის 7 იანვარს ჩაუტარა. პაციენტი რამდენიმე დღეში გარდაიცვალა, მას შემდეგ რაც იგი კლინიკიდან გაეწერა. დაღუპულის ოჯახი ექიმს უყურადღებობაში სდებდა ბრალს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ქალაქის ახალი მეორე სამშობიარო საავადმყოფოს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს 26 იანვარს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა.


ამავე თემაზე

საკეისრო კვეთის შემდეგ დაღუპული გოგონა და დაპატიმრებული ექიმი

ირაკლი მერკვილაძის დაკავებას ექიმები აპროტესტებენ

ირაკლი მერკვილაძის ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

"სამედიცინო სფეროდან მისი ჩამოცილება სურდათ" - ირაკლი მერკვილაძის მეუღლე
Print