ახალი ამბები
1 თებერვლიდან მასწავლებლები შრომის გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ
FaceBook
2018 წლის 1 თებერვლიდან მასწალებლები გაზრდილ შრომის ანაზღაურებას მიიღებენ.
სიახლე წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლებს შეეხება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, წამყვანი მასწავლებელი დანამატის სახით 700 ლარს, მენტორი კი 1000 ლარს მიიღებს.

ცვლილება „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებაში შევიდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

ამ დრომდე დანამატის ოდენობა წამყვანი მასწავლებლისთვის 250 ლარით განისაზღვრებოდა, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისთვის კი 300 ლარით.

2018 წლისთვის მასწავლებლებისთვის დანამატის მომატების შესახებ განათლების და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში 2017 წელს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

საქართველოში სულ 10 მენტორის სტატუსის მქონე მასწვალებელია, აქედან ერთ-ერთი ქუთაისის #33 საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგი მარინა ისკაკოვაა.

მასწავლებეთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ახალი სქემის მიხედვით, რომელიც 2017 წლის იანვარში დამტკიცდა მენტორის სტატუსის მოსაპოვებლად მასწავლებელმა 25 კრედიტქულა უნდა დააგროვოს. სტატუსის მოპოვებისთვის მასწავლებელი ატარებს არანაკლებ 4 სამოდელო გაკვეთილს, ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საჭიროებების კვლევასა და კვლევის შედეგების საფუძველზე ატარებს სამუშაო შეხვედრას კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
Print