ახალი ამბები
25 იანვარს ქუთაისში „ბახალას“ მხარდასაჭერი აქცია გაიმართება
FaceBook
25 იანვრას, ქუთაისში, თეთრ ხიდზე, მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის "ბახალას" მხარდასაჭერი აქცია გაიმართება.
სლოგანით - "ყველა ერთისთვის", აქციის მონაწილეები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკასა და გიორგი გიორგანაშვილისთვის რვა წლიანი პატიმრობის მისჯას გააპროტესტებენ.

მსახიობს რვა წლით თავისუფლების აღკვეთა თბილისის საქალაქო სასამართლომ 23 იანვარს მიუსაჯა. იგი სხდომის დარბაზშივე დააკავეს.

სასამართლოსთან დააკავეს რეჟისორი თორნიკე ბზიავა და თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი, რომლებმაც მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეები დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.

საპროტეტსო აქცია დაგეგმილია თბილისშიც, კანცელარიის შენობის წინ.

ორივე ქალაქში აქცია საღამოს 6 საათზე დაიწყება.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.

ამასთან, პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრობლების მხრიდან გიორგი გიორგანაშვილის (ბახალას) მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო გიორგი გიორგანაშვილის საჯარო განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა შს სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან მის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე.

Print