ახალი ამბები
„ვისოლის“ შეუსრულებელი ვალდებულებები და მოსაცდელების გარეშე დარჩენილი ქალაქი
FaceBook
კომპანია "ვისოლს", რომელსაც ქუთაისში 111 მოსაცდელი 2018 წლის 1 იანვრამდე უნდა მოეწყო, ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია.
კომპანიაში ამბობენ, რომ საკითხზე მუშაობენ, თუმცა, რატომ არ ასრულებენ მერიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას, ამაზე დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.

"ვმუშაობთ ამ საკითხზე. დამატებით ვერაფერს გეტყვით", - ამბობენ "ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში. 

კომპანიას საქალაქო ტრანსპორტის გაჩერების ადგილზე თანამედროვე ტიპის მოსაცდელების მოწყობა 2016 წლის აგვისტოში დაევალა. მან ეს ვალდებულება შპს
"ფერტუნა მედიასგან" გადაიბარა, რომელსაც ასეთივე ინფრასტრუქტურა 111 გაჩერებაზე ჯერ კიდევ 2010 წელს უნდა მოეწყო. პირველ ეტაპზე "ფერტუნა მედიამ" ქალაქის ცენტრალურ უბნებში მართლაც განათავსა 25 მოსაცდელი, 2011 წელს კი 16 გაჩერება მოაწყო, თუმცა, ვალდებულების ბოლომდე შესრულება ვერ შეძლო.
მას შემდეგ კი, რაც "ფერტუნა მედია" კომპანია "ვისოლმა"შეისყიდა, მერიასთან შვიდი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულება მას დაევალა.

ქუთაისის მერიაში მაშინ აცხადებდნენ, რომ აღნიშნულით ქალაქი უფრო მოგებული დარჩებოდა, რადგან "ვისოლმა", მოსაცდელებში  დამატებით ყავის აპარატებისა და ბანკომატების დადგმის ვალდებულებაც აიღო, თუმცა, დაპირებიდან წელიწადნახევრის შემდეგ,  არც ახალი მოსაცდელები და არც სწრაფი მომსახურების ინფრასტრუქტურა  ჩანს. კომპანიას  არც ერთი გაჩერება არ მოუწყვია. 

ქუთაისის მერიაში არ უარყოფენ, რომ "ვისოლმა" ვალდებულება არ შეასრულა და აცხადებენ,  რომ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

ქუთაისიპოსტი აღნიშნული საკითხით ერთი წლის წინაც დაინტერესდა. მაშინ კომპანიაში განაცხადეს, რომ პარტნიორებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, რომლებსაც მოსაცდელებში ყავის აპარატები და ბანკომატები უნდა განეთავსებინათ. ქუთაისის მერიაში კი ამბობდნენ, რომ  კომპანია საქალაქო ტრანსპორტის გაჩერებებზე აზომვით სამუშაოებს ატარებდა.

Print