ახალი ამბები
ქუთაისში დაყაჩაღების დროს დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
FaceBook
ქუთაისში, მიმდინარე წლის 22 იანვარს "საქართველოს ბანკის"  ფილიალში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

იმერეთის რეგინალურ კლინიკაში განმარტავენ, რომ პაციენტის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. კლინიკის დირექტორის, ირაკლი გოგინავას თქმით, მამაკაცი ჯერჯერობით საავადმყოფოში რჩება. 

"საკმაოდ ხანგრძლივი ოპერაცია ჩაუტარდა. ყველა სისხლდენის კერა ოკუპირებულ იქნა. ამ წუთას რეანიმაციაშია. თუმცა,  სტაბილურად არის", - ამბობს ირაკლი გოგინავა. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ გამოძახების შესახებ ზარი 19:47 წუთზე დაფიქსირდა. მათივე თქმით, ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ექვს წუთში 19:53 წუთზე მივიდა. 

"33 მუცლისა და მენჯის არეში ჭრილობები აღენიშნებოდა. გაეწია პირველადი დახმარება და გადაიყვანეს იმერეთის რეგინალურ კლინიკაში", - ამბობს ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი. 

გამოძიების პირველადი ინფორმაციით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე "საქართველოს ბანკის" ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

ყაჩაღობა "საქართველოს ბანკში" - დაჭრილია ერთი ადამიანი

"საქართველოს ბანკში" შეჭრილმა პირმა თანხა გაიტაცა და მიიმალა - შსს
Print