ახალი ამბები
ტყიბულის გამგებლისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტში ქრთამის შეთავაზების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის გამგებელს ქრთამი გასულ კვირას მისმა მოადგილემ და ერთ-ერთი სამსახურის უფროსმა შესთავაზეს.
ტყიბულის გამგებელი, რობინზონ გვენეტაძე ქუთაისიპოსტთან საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა მას რადმენმე ათასი ლარი ტყიბული-მუხურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის ტენდერისთვის გამოყოფილი თანხიდან შეთავაზეს, რის თაობაზეც მან უშიშროების სამსახურს აცნობა.
რობინზონ გვენეტაძისთვის ქრთამის შეთავაზების ფაქტზე, ამ დროისთვის უკვე დაკითხულია მისი მოადგილე და ტყიბულის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები.
"ველოდებით გამოძიების შედეგებს. აღძრულია საქმე და დაკითხულია არა მარტო ის პიროვნებები, რომელთაგან ქრთამის აღების შემოთავაზებას ჰქონდა ადგილი, არამედ ბევრი სხვა თანამშრომელიც," - აცხადებს რობინზონ გვენეტაძე ქუთაისიპოსტთან საუბრისას.
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, ქრთამის აღების ფატზე მხილებული გამგებლის მოადგილე და ერთ-ერთი სამსახურის უფროსი, მომხდარი ფაქტის შემდეგ სამსახურებრივ მოვალეობას არ არსულებენ.
შს სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქრთამის აღებას ან შეთავაზებას გულისხმობს.
საავტომობილო გზის მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობის ტენდერი მუნიციპალიტეტმა 2015 წლის 16 თებრვალს გამოაცხადა. ტენდერის ღირებულება 549 280 ლარი გახლდათ. სამუშაოები შპს "საპოვნელა+"-მა შეასრულა. მუნიციპალიტეტმა კომპანიასთან ხელშეკრულება 528 950 ლარზე გააფორმა.
დეა მანაგაძე
Print