ახალი ამბები
აფეთქება ხარაგაულის სარკინიგზო გვირაბში - დაშავებულია სამი მუშა
FaceBook
ხარაგაულის რაიონის სოფელ ბეჟათუბანში, სადაც რამდენიმე დღის წინ მუშების გაფიცვა მიმდინარეობდა, სარკინიგზო გვირაბის მშენებლობაზე აფეთქება მოხდა.
"რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის" ცნობით, მძიმედაა დაშავებული სამი მუშა.

პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის ინფორმაციით, ადგილზე დაშავებული ერთ-ერთი მუშის მდგომარეობა მძიმე და ის გადაყვანილია საავადმყოფოში.

"დღეს დილით გვირაბების შეერთების დროს მოხდა აფეთქება, ორ მუშას ადგილზე უტარდება სამედიცინო დახმარება, ხოლო ერთი მუშის მდგომარეობა მძიმეა. სამუშაობის დაწყების დღიდან იყო უსაფრთხოების პრობლემა, ჩვენ კომპანიისგან ვითხოვდით სამუშაო პირობების გაუმჯობესებას", - აცხადებს "რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი, ვიტალი გიორგაძე.

მისი თქმით,  ადგილზე რკინიგზელთა პროპკავშირის წარმომადგენლები იმყოფებიან, მათი თქმით,  ადგილზე ამ შემთხვევაშიც  დარღვეული იყო უსაფრთხოების ნორმები.

ხარაგაულის სოფელ ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე 60-მდე დასაქმებული  15 იანვარს გაიფიცა.
ხოლო 18 იანვარს მუშებმა სამუშაობი განაახლეს. ხარაგაულში მუშები 2016 წელსაც გაიფიცნენ. ისინი მაშინაც მძიმე და გაუსაძლის სამუშაო პირობებს უჩიოდნენ.

გაფიცული მუშების მოთხოვნა უცხოურ კომპანიისგან  (ჩინური)  სამუშაო პირობების გაუმჯობესება იყო.

გაფიცულები მაშინ აცხადებდნენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე დამსაქმებლები მათ ინტერესებს არ გაითვალისწინებდნენ. თუმცა, ოთხდღიანი პროტესის შემდეგ სამუშაოს ისევ დაუბრუნდნენ.

Print