ახალი ამბები
„ესაა ზედმეტი ხარჯი“ - ოპოზიცია ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციაზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, ბალახვანში ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ დღის წესრიგში გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხები დგას.
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ უმჯობესია ამ მიზნით გათვალისწინებული თანხა სხვა მიმართულებით გადანაწილდეს.

"ვერ მოვისმინე არგუმენტი, რატომაა საჭირო და უფრო პრიორიტეტული ამ კიბის რეაბილიტაცია, ვიდრე პროგრამა "კორპუსი". როცა ამ სფეროში არის უმძიმესი ვითარება, კიბეების რეაბილიტაციისთვის თანხის დახარჯვა, ვფიქრობ, ზედმეტი ხარჯია. მე ამ თანხას პროგრამა "კორპუსში ჩავდებდი, რადგან აქ გაცილებით უფრო დიდი პრობლემებია", - განაცხდა მერაბ მეშველიანმა.

ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია ქუთაისის მერიის 2018 წლის ინფრასტრუქტურული გეგმიდან ერთ-ერთი პროექტია. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კიბეების რეაბილიტაციის შემდეგ ბალახვნის ცენტრი ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი გახდება.

"იქ გვეგმავთ 60-80 ადამიანზე გათვლილი ამფითეატრის მოწყობას და კიბეების რეაბილიტაციას, რის შემდეგაც, ვფიქრობ, მოიმატებს ახალგაზრდების რაოდენობა", - განაცხადა მერის მოადგილემ, იუზა უგულავამ.

ბალახვნის ას საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას, სავარაუდოდ, 500 000 ლარამდე მოხმარდება.

ინფრასტრუქტურული გეგმის ფარგლებში,  ქუთაისის მერია, ასევე, გეგმავს თეთრი ხიდისა და გაპონოვის ქუჩის რეაბილიტაციას.

ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად, ქუთაისის მერია, რეგიონალური განვითარების ფონდიდან 8 მილიონ ლარს მიიღებს.

Print