ახალი ამბები
აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტების პრობლემები - შეხვედრა ქუთაისში
FaceBook
რა ხდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ტრანსფორმაციის კუთხით, ბიზნესის როლი მშვიდობის მშენებლობის საქმეში, სოციალური ფილანტროპიის როლი - ეს და სხვა საკითხები განიხილეს ქუთაისში, ასოციაცია "მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის" ოფისში.

შეხვედრაზე, ასევე, იმ კვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელიც "მშვიდობიანი და საქმიანი" კავკასიის დაკვეთით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველომ გასულ წელს ჩაატარა.

კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ აფხაზეთიდან სამედიცინო დახმარების სურვილით ჩამოსული პაციენტები ძირითადად, ენობრივ ბარიერსა და სამედიცინო პრობლემების არაოპერატიული მოგვარების პრობლემას უჩივიან. უმთავრეს დაბრკოლებად დასახელდა, აგრეთვე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მოცულობის შემცირების საკითხი.

"ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები, კლინიკის ხელმძღვანელები მოვიწვიეთ და მათთან გვქონდა ერთგვარი ინტერვიუები, ჯგუფური დისკუსიები, სამუშაო შეხვედრები, რათა ინფორმაცია გაგვეანალიზებინა და შევიმუშავეთ რეკომენდაციები", - განმარტა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ.

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, კონფლიქტის დარეგულირების ეფექტურ გზებზე იმსჯელეს და სამომავლო მიზნები დასახეს.


Print