ახალი ამბები
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდი 300 000 ლარით გაიზარდა
FaceBook
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს სახელფასო ფონდმა, 2018 წელს, 4 299 000 ლარი შეადგინა, რაც 304 000 ლარით მეტია წინა წლის ხარჯებზე.

250 000 ლარით გაიზარდა სახელფასო ფონდი ქუთაისის მერიაში, რაც ხელისუფლების ინფორმაციით, "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით მოხდა. კერძოდ, საჯარო მოხელეები,  ხელფასს,  მათთვის მინიჭებული რანგის მიხედვით მიიღებენ, რის საფუძველზეც, თანამშრომელთა ნაწილს ანაზღაურება 20-დან 30%-მდე უკვე გაეზარდა.

რაც შეეხება  საკრებულოს, წარმომადგენლობითი ორგანოს სახელფასო ფონდის მატება, ანაზღაურებადი პოლიტიკური თანამდებობების რაოდენობის გაზრდამ გამოიწვია. "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილი ცვლილების მიხედვით, საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებს მოადგილეები დაენიშნათ.

ქუთაისის საკრებულოში ხუთი ფრაქციაა, შესაბამისად, საკანონდებლო ორგანოში 5 ახალი შტატი შეიქმნა.  დეპუტატებმა  უკვე აირჩიეს ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეები, რომელთა წლიური  სახელფასო ხარჯი 72 000 ლარი იქნება. ყოველთვიურად  კი მოადგილეები 1 200 ლარს მიიღებენ. 

Print