ახალი ამბები
ააიპ „სპეციალური სერვისებისთვის“ ჩამორთმეული უფლება და შემცირებული ბიუჯეტი
FaceBook
ქუთაისის მერიამ ააიპ "სპეციალურ სერვისებს" დაფინანსება შეუმცირა.
2018 წელს ააიპი წინა წელთან შედარებით, 300 000 ლარით ნაკლებს მიიღებს. ეს სწორედ ის თანხაა, რაც გასულ წელს "სპეცსერვისებმა" ასათიანის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოსაწყობად დახარჯა.

როგორც ირკვევა, მერია ორგანიზაციას მსგავსი სამუშაოების შესრულების უფლებას აღარ მისცემს. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ კაპიტალური სამუშაოების გაკეთება "სპეციალური სერვისების" არც პრეროგატივაა და მისთვის ამ უფლების ჩამორთმევით თანხების დაზოგვაცაა შესაძლებელი.

"ასეთი სამუშაოები არ არის "სპეციალური სერვისების" საქმე. თუ რამე გაფუჭდა, მივლენ ადგილზე და აღმოფხვრიან პრობლემას, მაგრამ კაპიტალური სამუშაო ეს არის ინფრასტრუქტურა, რაზეც უნდა გამოცხადდეს ტენდერი", - განაცხადა ქუთაისის ვიცე-მერმა, იუზა უგულავამ.

ააიპ "სპეციალურმა სერვისებმა" ასათიანის ქუჩეზე 315 000 ლარის სანაცვლოდ სანიაღვრე ქსელის მოწყობა გასული წლის ივნისში დაიწყო. ქალაქის ყოფილი ხელმძღვანელობა მაშინ აცხადებდა, რომ სამუშაოებისთვის გამოცხადებული ტენდერი არ შედგა და "სპეციალურ სერვისებს" ამის შემდეგ დაევალა ქსელის მოწყობა.

ააიპმა სამუშაოებს დათქმული 10 დღიანი ვადის ნაცვლად 4 თვეზე მეტი მოანდომა. ქუჩაზე გზის ახალი საფარი კი ამ დრომდე არაა დაგებული.

"სპეციალური სერვისების" ბიუჯეტი გასულ წელს 5 100 000 ლარი იყო, წელს კი ააიპი 4 800 000 ლარს მიიღებს.

Print