ახალი ამბები
უმრავლესობის მიერ შეუსწავლელ და ოპოზიციის მიერ დაწუნებულ ბიუჯეტს 18 იანვარს დაამტკიცებენ
FaceBook
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტს, საკრებულო, სავარაუდოდ, 18 იანვრის რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.
აღმასრულებელი მიიჩნევს, რომ პროექტი უკვე მზადაა დასამტკიცებლად. ოპოზიცია კი თვლის, რომ ბიუჯეტის არც სრულყოფილი შესწავლა და მითუმეტეს, მისი საჯარო განხილვა არ მომხდარა.

ბიუჯეტის პროექტის სრულყოფილად შესწავლისთვის მეტი დრო ითხოვეს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმა. ფრაქციის თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ ამ მიზნით ქონების მართვისა და ეკონომიკის კომისიების გაერთიანებული სხდომის გადატანაც მოითხოვა. თუმცა, უმრავლესობამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ფრაქციის წევრებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს.

"ასეთი ბიუჯეტის დამტკიცება არის შეუძლებელი, აღმასრულებელმა წარმოგვიდგინა იგივე ბიუჯეტი, რაც თავად დაიწუნეს. გამოდის რომ ხელისუფლება მის მიერვე დაწუნებულ ბიუჯეტს ამტკიცებს", - განაცხადა  გიგა შუშანიამ.

შუშანიას თქმით, მისი ფრაქცია ასეთი ბიუჯეტის დამკიცებას მხარს არ დაუჭერს.

სხდომა არ დაუტოვებია, თუმცა, მოუმზადებელს უწოდებს ბიუჯეტს "ევროპული საქართველოს" დეპუტატი, მერაბ მეშველიანი.

"ბიუჯეტი არ არის მზად დასამტკიცებლად. როგორც აღმოჩნდა, უმრავლესობამაც კი არ იცის ის ცვლილებები, რაც ბიუჯეტში შევიდა და ახლა იგებენ ამის შესახებ. ფორმალურად მოხდა პროექტის გაცნობა არსამთავრობო სექტორისთვისაც. მათაც გამზადებული ბიუჯეტი გააცნეს", - ამბობს მერაბ მეშველიანი.

ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების შესახებ უმრავლესობის ნაწილს რომ ინფორმაცია არ ჰქონდა, ეს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიების გაერთიანებულ სხდომაზეც გამოჩნდა, სადაც ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებს ვიცე-მერი, იუზა უგულავა აცნობდა.

უმრავლესობის დეპუტატების ნაწილი სხდომის მიმდინარეობის დროს ცდილობდა იმ ცვლილებებში გარკვევას, რაზეც აღმასრულებელი საუბრობდა. მას შემდეგ კი, რაც დეპუტატების არაინფორმირებულობაზე შენიშვნები ოპოზიციამ გამოთქვა, ფრაქციის წევრებს საბიუჯეტო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია სხდომის მიწურულს დაურიგეს.

Print