ახალი ამბები
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილებას კომპანიების დაჯარიმების უფლება ჩამოერთვა
FaceBook
ქუთაისში, საქალაქო ტრანსპორტის მძღოლებსა და კომპანიებს, დარღვევის შემთხვევაში,  მერიის ზედამხედველობის სამსახური დააჯარიმებს.
ამ ფუნქციას ადრე ტრანსპორტის განყოფილება ასრულებდა. განყოფილების უფროსი, ირაკლი ცხვედიანი ამბობს, რომ ცვლილება რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა.

"რატომ აღარ ვასრულებთ ამ ფუნქცია, მიზეზს მე ვერ გეტყვით. ეს მოხდა რეორგანიზაციის ფარგლებში", - ამბობს ირაკლი ცხვედიანი.

მისი თქმით, განყოფილებამ შეინარჩუნა ნებართვების გაცემის, სვლაგეზების დაგეგმარების და სატრანსპორტო პოლიტიკის განსაზღვრის ფუნქცია.

ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია ამბობს, რომ გარდა სატრანსპორტო კომპანების დაჯარიმებისა, მის სამსახურს კიდევ რამდენიმე ფუნქცია დაემატა. 

"როგორც იცით, ცალკე სამსახურად გაიყო ზედამხედველობა, რომლის ფუნქციაში შედიოდა ქალაქში მშენებარე ობიექტების შემოწმება და დარღვევის შემთხვევაში მათი დაჯარიმება. ახლა სამსახურს დაემატა დასუფთავების, იჯარის გადაუხდელობის ჯარიმები და მათ შორის, არის გადამზიდავი კომპანიების კონტროლი და დაჯარიმება", - ამბობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ზვიად ჯავახია.

ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის ფარგლებში ცალკე ჩამოყალიბდა ზედამხედველობის სამსახური. ადრე ის არქიტექტურის სამსახურთან ერთად არსებობდა.

Print