ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვა არ დაუწყია
FaceBook
ქუთაისის საკრებულოს, ქალაქის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის კომისიებში განხილვა, ამ დრომდე არ დაუწყია.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები ამბობენ, რომ მათ ჯერჯერობით, სამუშაო პროცესში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა არ მიეცათ, რადგან კომისიების სხდომები არ დანიშნულა.

საკრებულოს საფინანსო კომისიის წევრი, მერაბ მეშველიანი ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევა ქალაქს არ ახსოვს.

"კომიკური სიტუაციაა. ასეთი რამ ქალაქს არ ახსოვს. ის ფაქტი, რომ ამ დრომდე არ დაუწყიათ საკომისიო განხილვები, მიუთითებს ერთ რამეზე-ისინი არ არიან მზად გადაწყვეტილების მისაღებად. ვეჭვობ, რომ მათ სრულყოფიად მოახერხონ ბიუჯეტის შესწვალა", - ამბობს "ევროპული საქართველოს" საკრებულოს წევრი, მერაბ მეშველიანი.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ბიუჯეტის პროექტი  საჯაროობაზეც კი არ უზრუნია. გასული წლებისგან განსხვავებით, მერიის ოფიციალურ გვერდზე ამ დრომდე არ ატვირთულა ბიუჯეტის პროექტი, ხელისუფლებას კი არც მოსახლეობასთან და არც არასამთავრობო სექტორთან შეხვედრები არ დაუწყია.

"ბიუჯეტი არ არის ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის და მე ამაზე არაერთხელ გავაკეთე აქცენტი. კანონი ავალდებულებს ხელისუფლებას, რომ ბიუჯეტი იყოს საჯარო და მოსახლეობამ იცოდეს რას სთავაზობს მათ ხელისუფლება, მაგრამ როგორც ვხედავთ, ბიუჯეტის პროექტიც კი არ გამოქვეყნებულა", - ამბობს მერაბ მეშველიანი.

არასაჯაროობა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მთავარ პრობლემად მიაჩნია კიდევ ერთ დეპუტატას. გიგა შუშანია, რომელიც საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიების წევრია, ამბობს, რომ დაინტერესებული ადამიანებისთვის ბიუჯეტის პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიუწვდომელია.

"მთავარი პრობლემა ამ ბიუჯეტის, არის მისი არასაჯაროობა. ძალიან ბევრ დაინტერესებულ პირს მხოლოდ საკრებულოს წევრების მეშვეობით უხდება ინფორმაციის მიღება ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, ამიტომ, ჯერ კიდევ პირვანდელი პროექტი უნდა გამოქვეყნებულიყო, რომ საზოგადოებას გაეგო ხელისუფლების პოზიცია. კარგია, რომ ხელისუფლება მიხვდა ბიუჯეტის პრიორიტეტების მოსახლეობის რეალურ საჭიროებებთან შეუსაბამობას და ორჯერ გაითხოვა პროექტი უკან, მაგრამ  სამწუხაროდ არსებითად არაფერი შეუცვლია, თუ არ ჩავთლით იმას, რომ ორ მილიონზე მეტით შეამცირა სოციალური მიმართულებით დაფინანსება", - ამბობს საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, გიგა შუშანია.

ოპოზიციის პრეტენზიებს ქუთაისის საკრებულოსა და მერიაში  პასუხობენ.

საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ იმის მიუხედავად, რომ კომისიების სხდომები ჯერ არ ჩანიშნულა, დეპუტატები ბიუჯეტზე აქტიურად მუშაობენ. თუმცა, არის თუ არა პროცესში ოპოზიცია ჩართული, ამაზე არ საუბრობს.

"არასწორი ინფორმაციაა ის, რომ კომისიებში ბიუჯეტის განხილვა არ ხდება. ახლაც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ოპოზიციას სრული უფლება აქვს ჩაერთოს ამ პროცესში. კომისიების მიხედვით კი განხილვებს მომავალი კვირიდან დავიწყებთ. ჩვენ გვინდა, რომ ბიუჯეტი იყოს დახვეწილი და მორგებული ქალაქის მოსახლეობის საჭიროებებზე", - ამბობს კახა ბოჭორიშვილი.

მომავალი კვირიდან იწყებს ბიუჯეტის საჯაროობაზე ზრუნვას ქუთაისის მერიაც. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ პროექტი მერიის ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ აიტვირთება, რაც მასში საზოგადოებისა და არასამთავრობო სექტორის მოსაზრებების ასახვა მოხდება.

"ორშაბთიდან ვიწყებთ არასამთავრობო სექტორთან და მოსახლეობასთან შეხვედრებს. არ ქვეყნდებოდა იმიტომ, რომ გვინდა გათვალისწინებული იყოს საზოგადოებრივი აზრი", - ამბობენ  მერიაში.

ბოლო წლების განმავლობაში პირველად, ქუთაისის მერიამ მომავალი წლის ბიუჯეტის მიღება წინა წლის მიწურულს ვერ მოახერხა. ხელისუფლებამ ბიუჯეტის დამტკიცების გადავადების მიზეზად, პროექტში ძირეული ცვლილებების შეტანა და ქალაქის მოსახლეობის საჭიროებებზე უკეთ მორგება დაასახელა. თუმცა, ოპოზიცია ამბობს, რომ საკრებულოდან ორჯერ გათხოვილ და ისევ დაბრუნებულ ბიუჯეტში ძირითადი პრიორიტეტები იგივე დარჩა, ხელისუფლებამ კი მისი მოსახლეობამდე მიტანა ამ დრომდე ვერ მოახერხა.

საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კახა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტი იანვრის ბოლომდე დამტკიცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ბიუჯეტის პროექტის კომისიების სხდომებზე გასტანად და საზოგადოებამდე მისატანად დაახლოებით ორ კვირიანი ვადა აქვს.

Print