ახალი ამბები
"ძველით ახალ წლამდე ქუჩები განათდება" - წინასაახალწლოდ ქუჩებში გარე განათებები გამორთეს
FaceBook
ქუთაისში, ორ ქუჩაზე ახალ წლამდე ერთი დღით გარე განათება გამორთეს.
კუპრაძის და ნეკრასოვის ქუჩების მცხოვრებლები ახალ წელს ჩაბნელებული ქუჩით შეხვდნენ. ადგილობრივები უკვე ათი დღეა ელექტროენერგიის ჩართვას ელოდებიან.

"ჩაბნელებული ქუჩით შევხვდით ახალ წელს და იმედია ძველით ახალ წელს მაინც გაგვანათებენ," - ამბობს კუპრაძის ქუჩაზე მცხოვრები ნათელა კოვზირიძე.

ადგილობრივები განმარტავენ, რომ განათების ბოძებზე ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზის დასადგენად ქუთაისის მერიას მიმართეს, თუმცა, უშედეგოდ.

"ვრეკავდით ცხელ ხაზზე და ვერ გვპასუხობდნენ ვერაფერს. მოვითხოვთ ჩაგვირთონ განათება და თუ გასაკეთებელია დროულად გააკეთონ," - ამბობს ნეკრასოვის ქუჩაზე მცხოვრები ნელი ქათამაძე.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ კუპრაძისა და ნეკრასოვის ქუჩაზე გარე განათების ბოძები ტექნიკური ხარვეზის გამო გამოირთო.

"დაზიანებული იყო განათების სისტემა, დროულად მოხდება მისი შეკეთება და ძველით ახალ წლამდე ქუჩები განათდება," - განმარტავენ ქუთაისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

Print