ახალი ამბები
2017 წელს საქართველოდან რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული
FaceBook
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, გასულ წელს საქართველოდან, ბოლო 30 წლის განმავლობაში, რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული.

სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო გაიყიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 54%-ით აღემატება.

"სულ ექსპორტირებულია 170 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 49% შეადგინა,"- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

დასახელების მიხედვით, 2017 წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია "ქინძმარაული" – 12,8 მლნ ბოთლი. მეორე ადგილზეა "მუკუზანი" – 4,2 მლნ, შემდეგ "წინანდალი" – 3,4 მლნ, "ახაშენი" – 1,5 მლნ, "ხვანჭკარა" – 887,5 ათასი, "ტვიში" – 308,8 ათასი ბოთლი და ა.შ.

გასულ წელს, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 250-მდე კომპანიამ განახორციელა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი (47 778 920 ბოთლი), უკრაინა (8 502 554), ჩინეთი (7 585 407), ყაზახეთი (3 322 867) და პოლონეთი (2 676 440). 


Print