ახალი ამბები
ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმმა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა
FaceBook
"საქართველო არ არის ჩემთვის ერთი უბრალო შორეული ქვეყანა. არამედ, საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც მხარს ვუჭერთ და ვგულშემატკივრობთ".
ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩიუსი ეწვია. ლიტველ დიპლომატს მასპინძლობა იმერეთის გუბერნატორმა, გივი ჭიჭინაძემ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, დავით ბაქრაძემ გაუწია.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოებისა და კადეტთა ლიცეუმის მსმენელებისთვის საჯარო ლექცია თემაზე "ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზა - მიღწევები და გამოწვევები" წაიკითხა.
"ჩვენ თავიდან გვითხრეს, რომ ვერასოდეს გავხდებოდით ნატოს წევრი. ჩვენგან განსხვავებით, ბუქარესტის 2008 წლის სამიტზე ნათლად იყო ნათქვამი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ეს არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, ამიტომ მე, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ არ ჩამოუშვან ხელები და საქართველო მზად უნდა იყოს ამისთვის. მე მჯერა, რომ ეს დღე აუცილებლად დადგება. საქართველო არ არის ჩემთვის ერთი უბრალო შორეული ქვეყანა. არამედ, საქართველო ჩვენი მეგობარი ქვეყანაა, რომელსაც მხარს ვუჭერთ და ვგულშემატკივრობთ", - განმარტა საჯარო ლექციაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა. 
ლინას ლინკევიჩიუსი საქართველოში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოწვევით, საერთაშორისო კონფერენციაში "საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა. კადეტთა სამხედრო ლიცეუმში გამართული ღონისძიება ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული.
Print