ახალი ამბები
"დიდებმა გაგვიტეხეს" - ქუთაისში ბავშვებს სათამაშო ატრაქციონები დაუმტვრიეს (ფოტო)
FaceBook
ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩა #179-სა და #201 მდებარე კორპუსებს შორის მდებარე საბავშო ატრაქციონები, ბავშვების თქმით, დიდებმა დაამტვრიეს.




გასართობი ატრაქციონით მიმდებარე ხუთი კორპუსის ბავშვები სარგებლობდნენ. შესაბამისად, ისინი ატრაქციონების გარეშე დარჩნენ. 9 წლის საბა ტყეშელაშვილი და ირინა მაღლაკელიძე გვიყვება, რომ ფაქტი ერთი წლის წინ მოხდა.

"სპინერი ჩავარდა ამოვიღებთო და მთლიანად გატეხეს", - იხსენებს ირინა მაღლაკელიძე.



ქუთაისის მერიაში ამ ფაქტს ვანდალიზმს უწოდებენ.

"არის დაზიანებული სპეციალურად. ბავშვის ჩამოსრიალება მას არ დაამტვრევდა. ვფიქრობთ, საესპლუატაციო პროგრამა გვექნება 2018 წელს, აღვწერთ ასეთ დაზიანებებს და სავარაუდოდ, გამოვასწორებ," - აღნიშნავს მერიის საბინაო სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ლევან დათიაშვილი

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მსგავსი ვანდალური შემთხვევები მოსახლეობის მხრიდან ხშირია და მათ სახელმწიფო ქონების გაფრთხილებისკენ მოუწოდებენ.

ქუთაისში საბავშვო ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი (SPA150026925) 2015 წლის 5 ოქტომბერს გამოაცხადა. ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანია "მიმდემთან" ამავე წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა. კომპანიას, თაბუკაშვილის #179-სა და #201 მდებარე კორპუსების გარდა, კიდევ 11 საბავშვო ატრაქციონი 48 000 ლარად უნდა მოეწყო. ხელშეკრულებას ვადა 2016 წლის 25 იანვარს დაუმთავრდა.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას საგარანტიო პერიოდის შემთხვევაშიც კი ვერ მოთხოვდნენ დაზიანებული ატრაქციონის ხელახლა შეკეთებას, რადგან ის სპეციალურად არის დამტვრეული.

Print