ახალი ამბები
„საქმე ბევრია, ხელფასი ცოტა“ - მერის მრჩევლები, რომლებიც, სავარაუდოდ, პოსტებს დატოვებენ
FaceBook
ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მომავალი წლიდან ქუთაისის მერის მრჩევლების პოსტებს ოთარ ჩიხლაძე, მამუკა ჭონიშვილი და თემურ ლანჩავა დატოვებენ.
მერმა გადაწყვეტილებას ხელი, სავარაუდოდ, 29 დეკემბერს უნდა მოაწეროს.

პოსტებს კი მამუკა კუბლაშვილი, ლაშა ნიქაბაძე და ზურაბ ხურციძე შეინარჩუნებენ. თუმცა, მომავალი წლის მაისიდან მერს, შესაძლოა, მხოლოდ ორი მრჩეველი დარჩეს. ქუთაისიპოსტის ინფორმაციით, მეოთხე მრჩეველი, რომელიც საბოლოოდ პოსტს ვერ შეინარჩუნებს, ლაშა ნიქაბაძე იქნება, რომელსაც მერიასთან ხელშეკრულების ვადა 2018 წლის მაისში ეწურება.

თემურ ლანჩავა, რომელიც ქალაქის მერს რჩევებს კულტურისა და ხელოვნების სფეროებში აძლევდა, ამბობს, რომ თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ ინფორმირებულია და ამის გამო გული არ წყდება.

"საქმე უამრავია, ხელფასი ცოტა, ამიტომ გული არ მწყდება. გიორგი ახლებურად აწყობს რაღაცეებს და მე დილის 9 საათიდან მანდ ვერ დავჯდები, მილიონი საქმე მაქვს. ვრედაქტორობ გაზეთს, ჟურნალს, მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და მწერალთა კავშირის თავმჯდომარე ვარ. რომელი ერთი ვაკეთო? მანდ რომ დავჯდე სხვას ვეღარაფერს გავაკეთებ. მე მანდ ჯდომა არ შემიძლია. ვინც უნდათ ის მოიყვანონ", - ამბობს თემურ ლანჩავა.

კიდევ ერთი მრჩეველი, მამუკა ჭონიშვილი, რომელიც, სავარაუდოდ, პოსტს დატოვებს, ამბობს, რომ ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ მისთვის უცნობია.

"ჯობია დაველოდოთ მოვლენებს. ჩემთვის ეს ჯერ არავის უთქვამს", - ამბობს მამუკა ჭონიშვილი.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქალაქის მერი, ამის შესახებ დაზუსტებით ჯერ არც იმათ იციან, რომლებიც, სავარაუდოდ, მრჩევლის პოზიციებს შეინარჩუნებენ.

"უხერხულია ამაზე წინასწარ ლაპარაკი. დაველოდოთ ოფიციალურ ინფორმაციას", - ამბობს მერის მრჩეველი, მამუკა კუბლაშვილი.

ის, რომ მერს სამ მრჩეველზე მეტი არ უნდა ჰყავდეს, ეს მიმდინარე წლის საკრებულოს ბოლო სხდომაზე გადაწყდა, სადაც, ქალაქის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ  განაცხადა რომ ხუთი მრჩეველი არ სჭირდება. იგივე განაცხდა მან უთაისიპოსტის სტუდიაშიც, როცა მათი რაოდენობის შემცირება პირველად დაანონსა.  ირკვევა, რომ  გიორგი ჭიღვარიას მეექვსე მრჩევლის შესახებ ინფორმაცია არც მაშინ და არც ახლა ჰქონდა. 

ქუთაისის მერიაში  მრჩევლის პოზიციებზე ექვსივე  მრჩეველი ყოფილი მერის, შოთა მურღულიას დროს დაინიშნა.

მათი  ანაზღაურება 960 ლარია.

Print