ახალი ამბები
ქუთაისის მერიას რეორგანიზაციის შედეგად 50 ადამიანი დატოვებს
FaceBook
ქუთაისის მერიას  50 თანამშრომელი დატოვებს. ამის შესახებ ქალაქის მერმა გიორგი ჭიღვარიამ განაცხადა.
მისი თქმით, რეორგანიზაციის ფარგლებში ის შტატები გაუქმდა, რომლებიც არაეფექტური იყო.

" გაუქმდა ის შტატები, რომლებიც არაეფექტურად მუშაობდნენ, თუმცა, მათი შემცირება ცხადია არ მომხდარა პიროვნული ნიშნით. ამასთანავე, საჭირო იყო დასაშვებ 10%-ზე დაგვეყვანა ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების რაოდენობა, რაც რეალურად, მერიაში დასაქმებულთა 12% იყო.  ცვლილების შედეგად კი მერიაში ხელშეკრულებით მხოლოდ 28 თანამშრომელი იქნება და ეს ზღვარიც დაიწევს", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

განსხვავებული ინფორმაცია აქვს საკრებულოს დეპუტატს, დავით გოგისვანიძეს, რომლის თქმითაც, წლის ბოლომდე მერიიდან თანამშრომლებს მასშტაბურად დაითხოვენ და ეს ძირითადად,  ყოფილი ხელისუფლების  კადრებზე აისახება.

"მაქვს ინფორმაცია, რომ ამ საახალწლოდ ძალიან ბევრ ძველ, შოთა მურღულიას კადრებს გაუშვებენ სამსახურიდან და ეს იქნება ძალიან ცუდი", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა,  დავით გოგისვანიძემ.

რეორგანიზაციის შედეგად ქუთაისის მერიაში კვლავ 9 სამსახური დარჩება. მერის და მისი სამი მოადგილის ჩათვლით, მერიაში 13 თანამდებობის პირი იქნება, როგორც ამას "საჯარო სამსახურის შესახებ კანონი" ითვალისწინებს.
Print