ახალი ამბები
ლიტერატურული კონკურსის ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი" გამარჯვბულები გამოვლინდნენ
FaceBook
ქუთაისში ლიტერატურული კონკურსის ,,ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი" გამარჯვბულები გამოვლინდნენ.

კონკურსი საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა

გამარჯვებულები ხუთკაციანმა ჟიურიმ გამოავლინა. გაიცა სამი ძირითადი და ორი სპეციალური პრიზი.


პირველი პრემია პროფესორ ომარ გევტაძეს ერგო, მეორე პრემია ბექა ფოცხვერიას გადასცეს, მესამე - ანა ანდერსონმა. ჟიურის სპეციალური პრიზი ნარგიზა თავაძეს ერგო.

ყველა გამარჯვებულს სამახსოვრო საჩუქრები გადაასცეს.

ჟიურის თავმჯდომარე პოეტი ნანა გასვიანი ამბობს, რომ ჟიურის მოსაზრებები ორად გაიყო. 

„ჩემი სამეული სხვა იყო. შეფასებები სუბიექტურია. თუმცა, აღმოჩნდა რომ ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა ზუსტად ჩემნაირი ქულები დაწერა, ამიტომ შეიძლება არსებობდეს შეფასების ობიექტური კრიტერიუმებიც“, - აღნიშნა ნანა გასვიანმა.

კონკურსში 40-მდე პოეტური ტექსტი შევიდა.

„კონკურსს დიდი ვნებატაღელვა ახლდა. 40 ლექსი გაიცხრილა და ჟიურიმდე 27 მივიდა. საინტერესო ლექსები შემოვიდა, მათგან ბევრი დამწყები ავტორის. ერთ-ერთი მონაწილე ქართველი ემიგრანტიც გახლდათ“, -აღნიშნა საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზ ჩოგოვაძემ.  

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა ასაკის ავტორს. საკონკურსო პირობების მიხედვით,  კონკურსანტს უნდა წარმოედგინა ქართულ ენაზე დაწერილი ორიგინალური და გამოუქვეყნებელი ერთი პოეტური ნაწარმოები (ლექსი, პოემა). ნაწარმოებს უნდა აესახა შემოდგომის (ფოთოლი, გიორგობისთვე, ფოთოლცვენა და ა, შ.) თემატიკა.

როგორც კონკურსის ორგანიზატორები აღნიშნავენ, კონკურსის მიზანია: ბიბლიოთეკის მკითხველთათვის შემოქმედებითი გარემოს შექმნა; ნიჭიერ ახალგაზრდა ავტორთა გამოვლენა; ლიტერატურული კომუნიკაციების გააქტიურება; ქუთაისის კულტურული ტრადიციების შენარჩუნება - განახლება.

Print