ახალი ამბები
ქუთაისში აივნის უნებართვო მიშენებისთვის მოქალაქე დაჯარიმდა
FaceBook
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან ნებართვის არ ქონის მიუხედავად ქუთაისში მცხოვრებმა, სერგო რობაქიძემ აივანი მაინც მიაშენა. რის შედეგადაც ის 3 000 ლარით დააჯარიმეს.

სერგო რობაქიძეს საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე აივნის მიშენებას, მისივე მეზობელი, დავით ბერაძე ეწინააღმდეგება. რაზეც მას  მერიის ზედამხედველობის განყოფილებაში საჩივარი მეორედ ჰქონდა შეტანილი. მომჩივანი მეზობელი ამბობს, რომ მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე კორპუსზე აივნის მიშენება მას პრობლემას შეუქმნის.

მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ  ჯარიმა მოქალაქეს არ ათავისუფლებს უკანონოდ მიშენებული აივნის დემონტაჟისგან.


"მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში იძულებითი ღონისძიებების წესი ირთვება, რაც გულისხმობს ისევ ჯარიმას და ამის შემდეგ საქმე აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაცემა, რათა შესაბამისმა სააღსრულებლო სამსახურმა, პირს იძულებითი დემონტაჟი განახორციელებინოს", - ამბობს არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი, ზვიად ჯავახია.


რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სერგო რობაქიძემ, მიმდინარე წლის თებერვალში, აივნის მიშენება თვითნებურად გადაწყვიტა, რის გამოც, მას მერიის ზედამხედველობის სამსახურიდან გაფრთხილების წერილი გაუგზავნეს. ადგილობრივმა თვითმმართველობამ კი, უნებართვო მშენებლობისთვის დემონტაჟის განსახორციელებლად 10 დღიანი ვადა მისცა. თუკი მეპატრონე ამ ხნის განმავლობაში აივნის დემონტაჟს არ მოახდენდა, ის 3 000 ლარით დაჯარიმდებოდა. თუმცა, უნებართვო მიშენების დემონტაჟისგან მაინც არ თავისუფლდებოდა. ამ წერილის საფუძველზე სერგო რობაქიძეს მიშენების დემონტაჟი დაევალა, რაც მან მიმდინარე წლის მარტის თვეში განახორციელა, თუმცა, მშენებლობა ისევ განაახლა.


ამავე თემაზე:

სამეზობლო დავა უნებართვოდ მიშენებული აივნის გამო (ვიდეო)

უნებართვო მიშენების გამო დაწყებული სამეზობლო დავა დასრულებულია


უნებართვოდ მიშენებული აივანი - მეზობლებს შორის დავა გრძელდება
Print