ახალი ამბები
გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციისთვის მილიონნახევარ ლარამდე დაიხარჯება
FaceBook
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით გელათის სამონასტრო კომპლექსში რეაბილიტაციის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის  მილიონნახევარ ლარამდე უნდა დაიხარჯოს.

რეაბილიტაციის ფარგლებში გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების გადახურვის, ცოკოლის და სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაობი უნდა განხორციელედეს. სამუშაობის შესასრულებლად საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მიმდინარე წლის 14 დეკემბერს 1 349 075 ლარის ღირებულების ტენდერი(DEP170000080) გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით გელათის სამონასტრო კომპლექსში ტაძრის ეკვდერების კარნიზების რეაბილიტაცია, ეკვდერების მოჭიქული კრამიტით გადახურვა, გამოვლენილი ისტორიული ლორფინის აღდგენა, აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ ცოკოლის რეაბილიტაცია, ტაძრის სადრენაჟო სისტემის რეაბილიტაცია უნდა განხორციელდეს. 

ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდეს მსგავსი ტიპის სამუშაო, რომელიც იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში შეტანილ ძეგლზე იქნება განხორციელებული და მისი მინიმალური ღირებულება 1 000 000 ლარი იქნება.

ტენდერში განაცხადების მიღება 2018 წლის 12-დან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. გელათის ღვთისმშობლის ტაძარზე სამუშაობი 8 თვეში უნდა დასრულდეს. 

იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში მყოფი, ქართული კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ნიმუში, გელათის სამონასტრო კომპლექსი (XII-XVIII სს) დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე ავთენტური სახით შემორჩენილი კომპლექსური ძეგლია საქართველოში. საუკუნეების მანძილზე ბუნებრივი მოვლენებისა თუ საბრძოლო მოქმედებების გამო სამონასტრო კომპლექსი მნიშვნელოვნად დაზიანდა. სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული ფრაგმენტული აღდგენითი სამუშაოები კვლავ მოითხოვს განახლებას და კომპლექსის სრულმასშტაბიან კონსერვაცია-რეაბილიტაციას.

2017 წლიდან ასევე ამერიკის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ეკვდერების ქვის საპირე წყობის საკონსერვაციო სამუშაოები. ყველა ზემოთ აღნიშნული ღონისძიება ტარდება საერთაშორისო კონსულტანტების მონაწილეობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, საერთაშორისო ექსპერტებისა და დონორი ორგანიზაციების ზედამხედველობით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ყველა კანონის გათვალისწინებით. ჩატარებული სამუშაოები სისტემატურად წარედგინება UNESCO-ს, რომლის შეფასებაზე დაყრდნობით, გელათის მონასტერი აღდგენილ იქნა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში.

Print