ახალი ამბები
ასწლოვან კიპარისს, მშენებლობის გამო, ტოტები შეაჭრეს
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, სადაც სამსართულიანი სავაჭრო ცენტრი შენდება, ასწლოვან ხეს ტოტები შეაჭრეს.
გიგა ისიანს, რომელსაც სამშენებლო ტერიტორია იჯარით აქვს აღებული, კიპარისის მოჭრა ქუთაისის მერიამ აუკრძალა. თავდაპირველად ისიანმა სამშენებლო ტერიტორია კიპარისთან ერთად შემოღობა და მშენებლობის პირველ ეტაპზე ხე არ მოუჭრია, თუმცა, როცა შენობის სიმაღლე ხის ტოტებს მიუახლოვდა, მათი მოჭრის გადაწყვეტილება მიიღო.


კიპარისს ტოტები იმ ზომამდე შეაჭრეს, სადაც შენობის ბოლო,  მესამე სართული მთავრდება

ისიანი ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ ხის ტოტები შენობის სწორედ იმ ნაწილს ფარავდა, სადაც შემინვა უნდა მოხდეს.

"ხეზე როგორ ჩავსვა მინები? ტოტები გადმოდიოდა ზუსტად იმ ადგილზე, სადაც შენობის შემინვა უნდა მოხდეს. დაჯარიმებული ვარ უკვე მაგის გამო მერიისგან. 500 ლარი გადავიხადე, მეტი რა ვქნა?!",-ამბობს გიგა ისიანი.

ჯარიმა, რაზეც ისიანი საუბრობს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მას ჯერ კიდევ მშენებლობის დაწყების დროს დააკისრა, მაშინ, როცა მიწის სამუშაოების პროცესში კიპარისს ფესვები დაუზიანდა. 

ქუთაისის მერიაში  ამბობენ, რომ მშენებელი ორივე შემთხვევაში თვითნებურად მოქმედებდა,  ტოტების მოჭრის გამო კი კვლავ დაჯარიმდება.

ასწლოვანი კიპარისის დაზიანებამდე ისიანმა მშენებლობის ადგილზე სამი ხე მოჭრა. იგი მაშინ ამბობდა, რომ კიპარისს საფრთხე არ ემუქრებოდა. 


ფესვებდაზიანებული კიპარისი ტოტების შეჭრამდე

ფალიაშვილის ქუჩაზე N11ა -ში მშენებლობის ნებართვა ქუთაისის მერიამ 2012 წელს გასცა, თუმცა, ნებართვას ვადა ისე გაუვიდა, ისიანს მშენებლობა არ დაუწყია. მან ახალი ნებართვა რამდენიმე თვის წინ, მერიასთან წარმოებული სამართლებრივი დავის შემდეგ  მოიპოვა. მაშინ, მშენებლობის უკან, იმერეთის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, გოჩა თევდორაძე მოიაზრებოდა, რაზეც  გიგა ისიანი ამბობდა, რომ ასეთი ეჭვები ქუთაისის მერიასაც ჰქონდა და სწორედ ამიტომ  აჭიანურებდა მშენებლობის ნებართვის გაცემას. თავად ისიანი თევდორაძესთან ნაცნობობას,  თევდორაძე კი მშენებლობასთან კავშირს  უარყოფდა. 

2017 წელს ისიანმა მშენებლობის უფლება,  45 წლიანი იჯარით გადაცემულ 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მოიპოვა,  რისთვისაც მან  წლიური თანხა 4 500 ლარი უნდა გადაიხადოს.  
ფალიაშვილის ქუჩაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.
Print