ახალი ამბები
„ყური აუწია და უთხრა, მეტი აღარ გაიმეოროო“- რას ჰყვება სკოლის დირექტორი მოსწავლის ცემაზე
FaceBook
ქუთაისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, რომლის მოსწავლის მამამ შვილის თანაკლასელს სცემა, ამბობს, რომ მოსწავლეებს შორის ადრე კონფლიქტი არ ყოფილა.

მისი ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთმა მეორეს გრძელი თმის გამო დასცინა. მომხდარიდან რამდენიმე დღეში კი ერთ-ერთი მათგანის მამამ, რომელიც სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური (სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლის) ფორმით გამოცხადდა, მისი შვილის თანაკლასელს მომხდარის გამო უსაყვედურა და ყური აუწია.

"ერთს ჰქონდა გრძელი თმა და მეორემ დაუძახა "ქალოია", მერე იმან შეიჭრა და ახლა უკვე ეს ეძახდა იგივეს. ასეთი რამ მოზარდებს შორის ხშირად ხდება, თუმცა, არ ვამარტივებ ფაქტს. ეს კონფლიქტია და ყურადღება თავიდანვე უნდა მიექცეს. ასეთ დროს ბავშვებს შეიძლება დაელაპარაკო, აუხსნა, რომ არ შეიძლება განსახვავებულობის გამო დაცინვა, მაგრამ როცა მშობელი ძალადობს სხვის შვილზე, თუნდაც ეს იყოს ყურის აწევა, დაუშვებელია", - ამბობს სკოლის დირექტორი.

ირკვევა, რომ მომხდარს დაპირისპირებულ თანაკლასელებთან და ერთ-ერთი მათგანის მამასთან ერთად,  კიდევ ორი მოსწავლე, ასევე მათი კლასელები ესწრებოდნენ. დირექტორის ინფორმაციით, ერთი მათგანი ამბობს, რომ ცემის ფაქტი არ დაუნახავს, მეორე კი ადასტურებს, რომ მისი კლასელის მამამ მეორე თანაკალასელს ყური აუწია და უთხრა, - მეტი აღარ გაიმეოროო.

დირექტორის თქმით, კონფლიქტის შესახებ დამრიგებელიც კი არ იყო ინფორმირებული და სკოლის ადმინისტრაციამ მომხდარზე მას შემდეგ შეიტყო, რაც ნაცემი ბავშვის მშობელი სკოლაში მივიდა და ფაქტის შესახებ განაცხადა.

პოლიციამ უკვე დაკითხა სკოლის დირექტორი და მოსწავლეების მშობლები. დირექტორის თქმით, მიმდინარეობს მომხდარის დეტალური შესწავლა, თუმცა, როგორც ირკვევა, სკოლას გარე პერიმეტრზე სათვალთვალო კამერა არ აქვს, რაც სიმართლის დადგენას გაამარტივებდა.

რაც შეეხება იმას, არის თუ არა მოსწავლის მამა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელი და რატომ გამოცხადდა იგი სკოლაში სპეციალური ფორმით, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მან მშობელთან გასაუბრება ამ დრომდე ვერ მოახერხა, თუმცა, მისი ინფორმაციით, იგი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობს.

"ვიცი, რომ სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომელია, თუმცა, ზუსტად ვერ გეტყვით დაცვის პოლიციაში მუშაობს თუ პენიტენციურ სისტემაში. უფრო მგონია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელია", - ამბობს სკოლის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ პირი მათი არც ერთი დაქვემდებარებული სტრუქტურის თანამშრომელი არ არის. სასჯელაღსრულების დაწესებულებისგან კი ქუთაისიპოსტი პასუხს ამ დრომდე ელოდება.



ამავე თემაზე:

ქუთაისში, მშობელი პოლიციის ფორმაში ჩაცმულ მამაკაცს შვილის ცემაში ადანაშაულებს

განათლების სამინისტრომ ქუთაისში მოსწავლის ცემის ფაქტის შესწავლა დაიწყო




Print
თეგები: #ცემა #სკოლა