ახალი ამბები
"მერს ხუთი მრჩეველი არ სჭირდება" - გიორგი ჭიღვარია
FaceBook
ქუთაისის  მერმა, გიორგი ჭიღვარიამ, შესაძლოა, მრჩევლების რაოდენობა შეამციროს. მისი თქმით, მერს ხუთი მრჩეველი არ სჭირდება.
ქალაქის მერმა ქუთაისიპოსტის სტუდიაში განაცხადა, ყოფილი მერის, შოთა მურღულიას მრჩევლები ჯერ-ჯერობით თანამდებობებს ინარჩუნებენ და მათთან ვადაზე ადრე ხელშეკრულებების გაწყვეტას არ აპირებს.  

"მესმის, რომ ყოფილ მერს 5 მრჩეველი ჰყავდა და მას ეს სჭირდებოდა.  თუმცა, ვფიქრობ, რომ შემცირებაა საჭირო. მერს 5 მრჩეველი არ სჭირდება. 
მე მეყოლება იმ მიმართულებით მრჩევლები, რა მიმართულებითაც მჭირდება. მინდა, რომ ადამიანი, რომელიც მუშაობს, მთელი დღის განავლობაში იყოს  დაკავებული", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

მერის 5-ივე მრჩეველს ხელშეკრულების ვადა მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს უმთავრდებათ.

ზურაბ ხურციძე, ოთარ ჩიხლაძე, მამუკა კუბლაშვილი, მამუკა ჭონიშვილი და თემურ ლანჩავა - ასეთია იმ ადამიანთა სია, რომლებიც ადგილობრივ თვითმმართველობაში ქალაქის პირველი პირისთვის სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით რჩევებისა და რეკომენდაციების მისაცემად არიან დასაქმებულნი.

მაგალითად, ზურაბ ხურციძის კომპეტენციაში შედის პირველი პირისთვის ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მერიას შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარებაზე გაუწიოს რეკომენდაცია. ოთარ ჩიხლაძეს ქალაქის ურბანული განვითარების კუთხით შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობის სრულყოფის საკითხებზე ევალება რჩევების მიცემა; მამუკა კუბლაშვილს - მერის მიერ საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარსადგენ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და მასში შესატანი ცვლილებების შემუშავებაზე, მამუკა ჭონიშვილს - შესაბამის სამსახურებთან ერთად მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (kutaisi.gov.ge) ინფორმაციის განთავსების საკითხებზე. 



Print