ახალი ამბები
ქუთაისში 15 წლის წინ ნაჩუქარ ნაძვის ხეს აწყობენ
FaceBook
ქუთაისში პირველი ნაძვის ხის აწყობა უკვე დაიწყო. მთავარი საახალწლო დეკორაციის მონტაჟი მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში  მიმდინარეობს. პარკში წელსაც იმ ნაძვის ხეს აწყობენ, რომელიც  ქალაქს 15 წლის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ აჩუქა. 



მესხიშვილის თეატრის წინ კი  ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ჯერ არ დაუდგამთ.

ქალაქის რამდენიმე უბანში უკვე დაწყებულია საახალწლო განათებების მონტაჟი. მანათობელი აქსესუარები მოწყობილია მერიის ადმინისტრაციული შენობის ფასადზე, ასევე, პუშკინისა და ცისფერყანწელთა ქუჩებზე. 

წელს, საახალწლო დეკორაციები 10-მდე ქუჩაზე მოეწყობა. მანათობელი ფიგურები დამონტაჟდება ცენტრალურ ბაღში, თეთრ ხიდსა და  ისტორიული უბანში არსებულ შენობებზე.



ახალი წლის ღამეს მერია გალა კონცერტისთვისაც ემზადება, თუმცა, მონაწილეთა სრული სია ჯერჯერობით უცნობია.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად, რომლებსაც კულტურის განყოფილება ფეისბუკ გამოკითხვით არჩევს,   კონცერტზე მოწვეული მომღერლებიც იმღერებენ.

მერიამ უკვე გამოაქვეყნა საახალწლო ღონისძიებების პროგრამაც.




Print