ახალი ამბები
"სახელმწიფოს საქმე არაა ადამიანი რას მოიხმარს" - აქცია ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში ნარკოპოლოტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით ახალგაზრდებმა  აქცია გამართეს.

"ნუ გვიჭერთ",  "ჩემი სხეული ჩემია",  "ამ კანონპროექტს დაიცავს ხალხი", "დასრულდეს"  - ძირითადად, ეს მესიჯები გაახმოვანეს აქციის მონაწილეებმა. 

"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორგანიზებულ აქციას სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები შეუერთდნენ. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, "გირჩის" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, თემურ ცამციშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივად კანაფის დეკრიმინალიზაცია უკვე მოხდა, ამ მიმართულებით ბრძოლა გრძელდება და ახლა ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზირებას ითხოვენ.

"არ უნდა იყოს სისხლის სამართლის და თუნდაც ადმინისტრაციული სასჯელი ნარკოტიკის მოხმარებაზე. სახელმწიფოს საქმე არაა ადამიანი რას მოიხმარს, ღვინოს კანაფს თუ შაქარს. ამოსავალი წერტილი ადამიანის პიროვნული თავისუფლება უნდა იყოს", - ამბობს თემურ ცამციშვილი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციას მიმდინარე წლის 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი.

აქამდე კი, მოქმედი კანონმდებლობით, მარიხუანას მეორადი და შემდგომი მოხმარება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებდა (პირველადი მოხმარება მხოლოდ ადმინისტრაციულ სასჯელს).
Print