ახალი ამბები
ლუდის ბარი ქუთაისში, სადაც შეუსაბამობები გამოვლინდა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს არ შეუმოწმებია
FaceBook
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოქმედი ლუდის ბარი "ქალაქური", სადაც მომხმარებელთა ფედერაციამ  14 ნოემბერს დარღვევები აღმოაჩინა, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ამ დრომდე არ შეუმოწმებია.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტს კვების ობიექტში განუცხადეს. ლუდის ბარში ამბობენ, რომ მომხმარებელთა ფედერაციის მიერ მათი მისამართით გამოთქმული შენიშვნები გაითვალისწინეს. 

"შენიშვნა იყო პროდუქციის სტიკერებზე. ასევე, სამზარეულოში და დარბაზში არსებულ უწესრიგობაზე, რაც დამლაგებელს გამორჩა. ყველა შენიშვნა უკვე გამოსწორებულია," - ამბობს  ბარმენი, იმედა ტუღუში.

მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე, მადონა კოიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ კვების ობიექტი შეუმოწმებელი არ დარჩება.

"სურსათის ეროვნულ სააგენტოს გადაეცა ყველა მასალა და კვების ობიექტები არის მკაცრ კონტროლზე აყვანილი. აუცილებლად მოხდება მათი გადამოწმება. პასუხისმგებლობა ავიღე ქუთაისის მოსახლეობის წინაშე და ამ საქმეს ბოლომდე მივყვები," - განმარტავს მადონა კოიძე.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში, რომლის ვალდებულებაა  კვების ობიექტების შემოწმება, გაგვიცხადეს, რომ მომხმარებელთა ფედერაციის მიერ კვების ობიექტებში გამოვლენილ შეუსაბამობებს რეგირება აუცილებლად მოჰყვება.



Print