ახალი ამბები
იმერეთში მოქმედ ბიზნესასოციაციებს "თავისუფალი ვაჭრობის" შეთანხმების დეტალებს აცნობენ
FaceBook
იმერეთში მოქმედ ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებს სასტუმრო "ბესტ ვესტერნში" ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების დეტალებს აცნობენ.

რა ვალდებულებები აიღო საქართველომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მიმართულებით, როგორ ხდება ამ ვალდებულებების შესრულება, როგორ შეიძლება ამ შეთანხმებით მონიჭებული  უპირატესობების გამოყენება, რა რეფორმები იგეგმება, რა გზით შეუძლიათ ქართულ კომპანიებს ევროკავშირში გაიტანონ და ბაზარზე განათავსონ თავიანთი პროდუქტი - ეს და სხვა საკითხები განიხილება შეხვედრაზე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის, მარიამ გაბუნიას თქმით, რეგიონებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია იმ გასატარებელი რეფორმების შესახებ, რომელიც სურსათის უვნებლობის მიმართულებით 2027 წლამდე გატარდება.

"მნიშვნელოვანია, რომ ასოციაციების წარმომადგენლების ტრენინგი ხდება დღეს, იმიტომ რომ შემდეგ ამ ასოციაციებმა თავის წევრ კომპანიებში გაავრცელონ ეს ინფორმაცია", - ამბობს მარიამ გაბუნია. 

შეხვედრის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ ინფორმაციის დეფიციტია იმაზე, თუ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი იმისათვის, რათა ევროკავშირის ბაზარზე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით გავიდეს. არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლის, მერაბ ბარათაშვილის თქმით ევროკავშირის მიერ დაწესებულ სტანდარტებთან საქართველო ჯერჯერობით საკმაოდ შორსაა. 

"როცა ჩვენ ვსაუბრობთ რა გვიშველის. ის გვიშველის, რომ ეკონომიკურადაც უნდა ვიყოთ ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ამ შეხვედრაზე ჩვენ ვეცნობით იმ მექანიზმებს, როგორ მოვიდეს ჩვენთან ის სიკეთეები, რაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია", - ამბობს მერაბ ბარათაშვილი.

შეხვედრა პროექტ "სურსათისა და სოფლის მეურნეობის დარგში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდამჭერი ინიციატივის" ფარგლებში ჩატარდა, რომლის ხელმძღვანელი ორგანიზაცია - საქართველოს ფერმერთა ასოციაციაა (GFA). 
Print