ახალი ამბები
ქუთაისის #1 საჯარო სკოლაში გენერალური აუდიტი შევიდა
FaceBook
გენერალური აუდიტი ქუთაისის პირველ საჯარო სკოლის საქმიანობას შეისწავლის.
ამ ინფორმაციას ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, ბადრი ვაშაკიძეც ადასტურებს.

ვაშაკიძის განცხადებით, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები პირველ საჯარო სკოლაში ერთ-ერთი მოსწავლის მშობლის წერილის საფუძველზე შევიდნენ და სკოლა გუშინვე დატოვეს.

"მე თქვენგან გავიგე ეს და სკოლაში გადავამოწმე. როგორც მათ მითხრეს, აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები გუშინვე კმაყოფილები წავიდნენ სკოლიდან. მათ სკოლაში რაიმე დოკუმენტი, რაც დარღვევას დაადასტურებდა, არ აღმოუჩენიათ. შესაძლოა, მოკვლევა კიდევ გაგრძელდეს," - განაცხადა ვაშაკიძემ.

მოსწავლის მშობლის წერილში, რომლითაც ის განათლების მინისტრს მიმართავ, აღნიშნულია, რომ პედაგოგები მოსწავლეებს დამატებით მათთან მომზადებას ავალდებულებენ. რესურსცენტრის ხელმძღვანელი არ უარყოფს რეპეტიტორის ინსტიტუტის არსებობას, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ცალსახად კანონდარღვევა არ არის.

"არასწორია იმაზე საუბარი, რომ მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს მათთან დამატებით მომზადებას ავალდებულებენ. ამის ფაქტი არ გვაქვს, ამიტომ ამას ვერ დაგიდასტურებთ. თუმცა, ფაქტია, რომ პედაგოგების უმრავლესობა ბავშვებს ამზადებს. ეს კანონდარღვევა არ არის, ეს არის ქვედა დინება, რომელიც ზედაპირზე არ ჩანს. სასურველი იქნებოდა, რომ ხდებოდეს აღრიცხვა, რომელი რეპეტიტორი რამდენ ბავშვს ამზადებს. ხდება ისეც, რომ რეპეტიტორები მოსწავლეებს საგაკვეთილო პერიოდშიც იბარებენ, რაც სკოლის სასწავლო პროცესს ანგრევს. ვცდილობთ, დაფიქსირდეს ის მასწავლებელი, რომელიც საგაკვეთილო პროცესის დროს ამზადებს მოსწავლეებს, გაკვეთილს უნიშნავს თავის სახლში თუ ნაქირავებ ოთახში, ძირითადად, ეს ხდება მეთორმეტეკლასელების შემთხვევაში. ამის საწინააღმდეგოდ გავამკაცრეთ სკოლაში დასწრების აღრიცხვა", -განაცხადა ბადრი ვაშაკიძემ.

ემიგრანტი მშობელი ქუთაისიდან, ლელა თოლორდავა სკოლაში არსებული კორუფციული სისტემის შესახებ განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს პირადად ესაუბრა, რომელიც პრობლემის მოგვარებას მისი შვილების სკოლიდან დაპირდა.
Print