ახალი ამბები
სპორტულ და კულტურულ დაწესებულებათა ააიპში მოსწავლეებისთვის დაწესებული გადასახადი გაუქმდა
FaceBook
ქუთაისის მერიის სპოტულ და კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებებში, მოსწავლეებისთვის დაწესებული გადასახადი, რომელიც ქალაქის ყოფილმა მერმა,  შოთა მურღულიამ დააწესა,  გაუქმდა.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულომ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. 

საკრებულოს თავმჯდომარის, ნიკოლოზ ლატარიას თქმით, მაშინ, როცა მერიამ აღნიშნულ ააიპებში სწავლება ფასიანი გახადა, ბიუჯეტს შემოსავლები სჭირდებოდა. 

"მაშინ საჭირო იყო შემოსავლები, ახლა,  ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით, მაქსიმალურად უნდა შემცირდეს ხარჯები და შესაძლებელია თანხების სხვაგვარად გადანაწილება", - განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

სკოლის მოსწავლეებისთვის ფასიანი მომსახურების გაუქმება დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.

"ამას მხარს ვუჭერ არა იმიტომ, რომ ეს იყო გიორგი ჭიღვარიას დაპირება, არამედ, იმიტომ, რომ  ეს მნიშვნელოვანია  ყველა ბავშვისთვის",-განაცხადა "ევროპული საქართველოს" დეპუტატმა, დავით გოგისვანიძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიგა შუშანიამ კი იმედი გამოთქვა, რომ ცვლილება პედაგოგების ხელფასზე უარყოფითად არ აისახება.  

ქუთაისის მერიის ინიციატივით, სპორტულ და კულტურულ გაერთიანებებში მოსწავლეებისთვის მომსახურება ფასიანი 2017 წლის 29 მარტიდან გახდა.

ცვლილებას მაშინ  ქუთაისის მე-5 მოწვევის საკრებულოს დეპუტატების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.



ამავე თემაზე:

ქუთაისის მერიის სპორტულ და კულტურულ ააიპ გაერთიანებებში 2017 წელს სწავლა ფასიანი გახდება

დავტოვებთ ბავშვებს წრეების გარეშე - ქუთაისის საკრებულოს წევრები ააიპ-ებში სწავლის საფასურის შემოღებაზე

Print