ახალი ამბები
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე TI-ს რეკომენდაციებზე
FaceBook
ქუთაისის საკრებულო არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობას აპირებს.

ამის შესახებ ქუთაისიპოსტთან საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ გამოქვეყნებული კვლევის შემდეგ განაცხადა.

დოკუმენტში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რითაც ორგანიზაცია საკრებულოს მიმართავს. ერთ-ერთი მათგანი საკანონმდებლო ორგანოში გენდერული საბჭოს შექმნას ეხება.

"ქუთაისის მუნიციპალიტეტის მეექვსე მოწვევის საკრებულოს იურიდიულმა კომისიამ მუშაობა უკვე დაიწყო. ჩვენ ვგეგმავთ შევქმნათ გენდერული თანასწორობის საბჭო, რაც ასევე კანონმდებლობით არის გათვალისწინებული," - აცხადებს ნიკოლოზ ლატარია.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ქუთაისის საკრებულოს მოუწოდებს დახვეწოს მუშაობის საორგანიზაციო მხარე, შეამციროს რიგგარეშე სხდომების რაოდენობა და მასზე განსახილველი საკითხების რიცხვიც.

"რადგან აღნიშნული ხელს უშლის მოქალაქეთა ჩართულობის უზრუნველყოფას და სხდომაზე განსახილველი საკითხებისთვის მომზადების შესაძლებლობას," - აღნიშნულია კვლევაში.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციას აუცილებლობად მიაჩნია ქუთაისის საკრებულოს ჰქონდეს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც განთავსებული იქნება საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

"ქუთაისის მუნიციპალიტეტს უკვე აქვს ვებ-გვერდი, სადაც განთავსებულია ყველა ის ინფორმაცია, რომელიც არის საჯარო და საზოგადოებისათვის საინტერესო. რამდენიმე დღეში, ასევე,  საიტზე განთავსდება ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატების პირადი მონაცემები და დეკლარაციები," - განაცხადა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მე-6 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ლატარიამ.






Print