ახალი ამბები
"მასობრივი შემცირებები არ იქნება" - ქუთაისის მერი რეორგანიზაციაზე
FaceBook
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობაში მხოლოდ სტრუქტურული რეორგანიზაცია იგეგმება, რაც თანამშრომლების მასშტაბურ შემცირებას არ გულისხმობს.
"მასობრივი შემცირებები არ იქნება. მოხდება სტრუქტურული რეორგანიზაცია. ეს არის ოპტიმიზაცია, რომელიც მასშტაბურ ცვლილებებს არ გულისხმობს, თუმცა, პერიოდულად საჭიროა კადრების ოპტიმიზაცია და გადახალისება", - განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ. 

ქუთაისის მერმა, დღესვე ვიცე-მერები წარადგინა.

ვიცე–მერის პოსტები გიორგი იობაშვილმა, ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ დაიკავა.

იუზა უგულავა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილიე იყო. მან თანამდებობა 4 თვის წინ დატოვა.  მერის მეორე მოადგილე ნინო თვალთვაძე "სიას" ქუთაისის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე და "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" ხელმძღვანელი გახლდათ.

რაც შეეხება, გიორგი იობაშვილს,  იგი ამ დრომდეც  ქუთაისის ვიცე-მერი იყო. მან მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ამ პოსტზე გრიგოლ დალაქიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც მერიაში დანიშვნიდან მალევე იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში გადაინაცვლა.

გიორგი ჭიღვარია მუშაობას 29 ნოემბერს შეუდგა. მან პირველივე სამუშაო დღეს  ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დაანონსა.
Print