ახალი ამბები
გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერები წარადგინა
FaceBook
ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ ვიცე-მერები წარადგინა.  ვიცე–მერის პოსტები გიორგი იობაშვილმა, ნინო თვალთვაძემ და იუზა უგულავამ დაიკავა.

"მე ჩემი გუნდი შევარჩიე სუფთა წარსულითა და პროფესიონალიზმის ნიშნით.ისინი მზად არიან ემსახურონ ხალხს", - განაცხადა ვიცე-მერების წარდგენისას გიორგი ჭიღვარიამ.

იუზა უგულავა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის პოსტზე 2016 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა 4 თვის წინ დატოვა.  მერის მეორე მოადგილე ნინო თვალთვაძე "სიას" ქუთაისის ფილიალის ყოფილი თავმჯდომარე და "ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტოს" ხელმძღვანელი გახლდათ. 

რაც შეეხება, გიორგი იობაშვილს,  იგი ამ დრომდეც  ქუთაისის ვიცე-მერი იყო. მან მიმდინარე წლის 18 აგვისტოს ამ პოსტზე გრიგოლ დალაქიშვილი ჩაანაცვლა, რომელმაც მერიაში დანიშვნიდან მალევე იმერეთის სამხარეო ადმინისტარციაში გადაინაცვლა. 

გიორგი ჭიღვარია მუშაობას 29 ნოემბერს შეუდგა. მან პირველივე სამუშაო დღეს  ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია დააანონსა.

მერიის და საკრებულოს აპარატში რეორგნიზაციის საკითხი აღმასრულებელმა 29 ნოემბერს, ახლადარჩეული საკრებულოს სხდომაზეც გაიტანა, რომელსაც გიორგი ჭიღვარია არ დასწრებია.

საკრებულოს ოპოზიციამ, რომელმაც რეორგანიზაციის გეგმას მხარი არ დაუჭირა, განაცხადა, რომ ქალაქის ახლადარჩეული მერი სხდომაზე შეგნებულად არ მივიდა, რადგან თავი აერიდებინა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კითხვებისთვის.


Print